რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სლოვენიის პრეზიდენტი: უკრაინა ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს

სლოვენიის პრეზიდენტი, ბორუტ პაჰორი

სლოვენიის პრეზიდენტმა, ბორუტ პაჰორმა უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერთან, ელენა კონდრატიუკთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.

ამასთან ერთდ, კონდრატიუკმა სლოვენიას უკრაინის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება როგორც კიევის, ასევე ბრიუსელის ინტერესებშია.

"ჩვენ წარსულის შეცდომები არ უნდა დავუშვათ. უკრაინა ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.

[...] უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა მცდარი გადაწყვეტილება მიიღო". - თქვა პაჰორმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები