16 ივნისის აქცია

ნონიაშვილი: ევროპული საქართველო 16 ივნისის აქციას არ უერთდება

ევროპული საქართველო 20 ივნისის აქციას ვუერთდებით, ისევე როგორც ყველა ჯანსაღ, ოპოზიციურად განწყობილ, პროდასავლურ აქციებს ვუერთდებით ხოლმე. რაც შეეხება 16 ივნისს, პრეზიდენტის მიერ მოწვეულ აქციას, მას არ შევუერთდებით. მიზეზებზე ვისაუბრებ. დავიწყოთ ევროპარლამენტით. რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი და ქართველი ხალხის ნება მკაცრად იყო გამიჯნული. ისინი ცხადად აღიარებენ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში ინტეგრაციას იმსახურებს და ამაში ერთადერთი და მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი. დღეს კი ზურაბიშვილი ივანიშვილს ემართლებოდა. პრეზიდენტი ქართველ ხალხს კი არა, არამედ ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკებოდა და თავს იმართლებდა, რომ არაო, ჩემი ბრალი კი არ არისო, მე ყველაფერს ვეცადე, მაგრამ საქმე უკვე გაფუჭებული დამხვდა შენი გარემოცვის მიერო და გულისხმობდა ღარიბაშვილს, კობახიძესა და სხვა ადამიანებს.

16 ივნისის აქცია რას ემსახურება, რომ ბიძინა ივანიშვილის ნება და ქართველი ხალხის ნება კვლავ გაათანაბროს სალომე ზურაბიშვილმა? როდესაც ცხადად, ქართველი ხალხის დამოკიდებულებაც და ჩვენი ევროპელი მეგობრების დამოკიდებულებაც ზუსტად ის არის, რომ ივანიშვილისა და ქართველი ხალხის ნება განსხვავებულია. არსებითად სხვადასხვა რაღაცაა. ამიტომ, ცხადია, რომ 16 ივნისის აქციაზე ვერც მე და ვერც ჩემი პარტია საკუთარ თავს ვერ ვხედავთ. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მავნებლური იყო.

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა TV პირველის ეთერში საუბრისას. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს რიყეზე აქცია დააანონსა.

კომენტარები