საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო

TI: ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა პირებმა 2021 წელს 320 მილიონის ტენდერები მოიგეს

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ ქართული პოლიტიკური პარტიების 2021 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა და ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკური კორუფციის არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემებად რჩება.

ორგანიზაციამ აქცენტი 17 პარტიაზე გააკეთა, რომელიც 2021 წლის მდგომარეობით ან სახელმწიფო დაფინანსებას იღებდა, ან იმავე წელს მინიმუმ 100,000 ლარის შემოსავალი მოიზიდა. აღმოჩნდა, რომ როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების (თითოეული დაახლოებით 40 მილიონი იყო) მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 16 პარტიისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა. ეს პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, რაც, საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს შეფასებით, ქართული პოლიტიკის ტრადიციულ პრობლემას წარმოადგენს. 

2021 წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილება მოხდა. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტია ქვეყნის ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს, ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ამ მიზეზით, ორმა პარტიამ - ლეიბორისტულმა პარტიამ და პარტიამ ლელო საქართველოსათვის, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა.

17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 60%, დაახლოებით 26 მილიონი ლარი, მმართველ პარტიაზე - ქართული ოცნება მოდიოდა. მეორე ადგილზე, 5.1 მილიონი ლარით ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, მესამეზე კი - ლელო 3.3 მილიონი ლარით.

ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ 17 პარტიიდან შემოწირულება მხოლოდ 13-მა მიიღო, ჯამში 27.4 მილიონი, საიდანაც 19.8 მილიონი (მთლიანი შემოწირულობის 72%) ქართულ ოცნებამ მიიღო, 2.9 მილიონი ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ, ხოლო შემოწირულობების მიხედვით, მესამე ადგილს 2.5 მილიონი ლარით ლელო საქართველოსთვის იკავებს.

პოლიტიკური პარტიების ხარჯების დათვლისას ნათქვამია, რომ რეკლამაზე ყველაზე მეტი - 13.3 მილიონი ლარი ქართულმა ოცნებამ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე დაიხარჯა. გარე რეკლამის ხარჯის უდიდესი ნაწილიც - 87% ქართულ ოცნებაზე მოდიოდა.

ორგანიზაცია კორუფციის შესაძლო დარღვევის შემთხვევებში რამდენიმე მნიშვნელოვან შემთხვევას გამოყოფს. 

ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს დაახლოებით 320 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს. ასევე, 19 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტებიც მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა, იმავე პერიოდში, ქართულ ოცნებას დაახლოებით 4.5 მილიონი ლარი შეწირეს.

  • ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს ზიმო, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნეს ჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას წლის განმავლობაში ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.
  • შპს არალმა, 2021 წელს 62 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ყულაბაში 50 000 ლარი შეიტანა. 
  • მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის იყვნენ შპს ბონდი-2009 და შპს მონოლითი - 2005, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის ნუკრი დოლიძის ორი კომპანია, რომლებმაც 2021 წელს ჯამურად 33 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგეს. დოლიძემ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ოთარ ფუტკარაძემ ქართულ ოცნებას ერთობლივად 120 000 ლარი შესწირეს. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის რამდენიმე მსხვილი ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველ წელს პარტიას დიდი თანხებით აფინანსებს. ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში სწირავს მმართველ პარტიას თანხას. ასეთ ჯგუფებს შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირები.

კომენტარები