საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ნუ წააქეზებენ პოლარიზაციას

ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ქართულ დემოკრატიას შეურაცხყოფას აყენებს. ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში ხელი შეუწყონ, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას შეეხება და პოლარიზაციის წამქეზებლები თავად ნუ იქნებიან. ასეთი განცხადებები პოლარიზაციას აქეზებს და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას. თავის მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ამას ყველა ვხედავთ. ქართულმა ოცნებამ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ რჩება მაპოლარიზებელ რიტორიკაში.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროპარლამენტარმა და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო ერთი პიროვნების ტყვეობაშია და დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას.

კომენტარები