რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანდელაკი: უკრაინის სარჩელის მხარის არ დაჭერა დასტურია, საქართველო გახდა რუსეთის სატელიტი

გიორგი კანდელაკი

"უკრაინის ჰააგის სასამართოში წარმატება პირველ რიგში ჩვენსა და ჩვენი დეოკუპაციის ინტერესშია. ამ მხარდაჭერის დოკუმენტთან არ შეერთება ადასტურებს, რომ საქართველო გადაქცეულია რუსეთის რბილ სატელიტად". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საქართველოს მხრიდან ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის არსებული სარჩელის მხარის არ დაჭერას.

კანდელაკის თქმით, საქართველოს თავად აქვს ამ სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უნდა გამხდარიყო მომავალში მშვიდობიანი პოლიტიკური დეოკუპაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ "ჩვენივე სარჩელი საქართველოს მთავრობამ უკვე დიდი ხანია ფეხებზე დაიკიდა".

"ახლა უკრაინის სარჩელისთვის მხარის არ დაჭერა პოლიტიკურ კონტექსტში ნიშნავს, რომ საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციის საკითხზე ხელი აქვს აღებული და გადაქცეულია რუსეთის სატელიტად". - ამბობს გიორგი კანდელაკი.

საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ისინი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ, არ შეუერთდა.

განცხადებას წელს აწერს: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი.

კომენტარები