რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიშელი: მსოფლიოში არსებულ სასურსათო კრიზისზე ბრალეულობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება

Yves Herman/Reuters

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, მსოფლიოში არსებულ სასურსათო კრიზისზე ბრალეულობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება. ამის შესახებ შარლ მიშელმა პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტზე ისაუბრა.

"კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომი უკიდურესად დიდ გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ უკრაინის პრემიერმინისტრთან გვქონდა საუბარი. რამდენიმე საათის წინ რუსული რაკეტები ოდესის პორტისკენ გაუშვეს, უმიზნებდნენ მილიონობით ტონა მარცვლეულს, რომლებიც რუსული ბლოკადის გამო პორტებშია გაჩერებული. ეს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს მსოფლიოში". - თქვა მიშელმა. 

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა აფრიკაში, სადაც აფრიკის ქვეყნების ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ქმედებების შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს.

"მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისში დამნაშავე რუსეთია. მხოლოდ მას ეკისრება ბრალი მსოფლიოში არსებულ სასურსათო საფრთხეებზე. სწორედ ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება". - აღნიშნა მიშელმა.


უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

"მტერმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტს Kalibr-ის ფრთოსანი რაკეტებით შეუტია. უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალებმა 2 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, 2-მა კი პორტის ინფრასტრუქტურა გაანადგურა". - წერს Telegram-ზე უკრაინის ოპერატიული სარდლობა სამხრეთი.

22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს

კომენტარები