ანგლიკანური ეკლესია

რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელმა ანგლიკანური ეკლესიის პასტორალურ ლიდერს აგინა

at.ge

ეპისკოპალური ანგლიკანური ეკლესიის ღვთიმსახურების ლიდერი, თომა ლიპარტიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთანდილ კვერნაძემ აგინა. ლიპარტიანი ასევე ამბობს, რომ სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ის გაცნობითი ხასიათის შეხვედრისთვის პირადად დაიბარა.

"რამდენიმე საათის წინ უცნობი ნომრიდან ზარი შემოვიდა. ვპასუხობ და მეუბნება, რომ არის ავთანდილ კვერნაძე (რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი) და თურმე, ჩემთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სურს სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს. ეს კარგი, მაგრამ განა დროს მითანხმებს, არამედ მეუბნება, რომ მათ ოფისში მიბარებენ, პარასკევს, 15:00 საათზე. თანხმობა ან უარი ნათქვამი არ მქონდა, უკვე რომ მიკონკრეტებს, თქვენზე საშვი იქნებაო.

რატომ მიბარებს ზაზა ვაშაყმაძე?  რამე დავაშავე და დაკითხვაზე მიბარებს თუ ჩემი ეპისკოპოსია და ანგარიში უნდა ჩავაბარო? ეს ყველაფერი იმ წამს გავიფიქრე, საუბრის მომენტში, თუმცა, თავმოყვარეობასაც გადავაბიჯე და თანხმობა ვუთხარი. ამავდროულად, დავამატე, რომ ჩვენი მღვდელი დღეს ჩამოდის საქართველოში, ჩემს უფლებამოსილებას მისი ზედამხედველობის ქვეშ ვახორციელებ და შესაბამისად, პარასკევსაც წამოვიყვან ჩემთან ერთად-თქო. ამაზე მპასუხობს, რომ ბატონი ზაზა მხოლოდ თქვენ გიბარებთ და მღვდელი ნახევარი საათით სახლში დატოვეო. თან ჩვენ თარჯიმანი არ გვყავსო, თუმცა, ამაზე ვუთხარი, რომ მღვდელს მე გადავუთარგმნიდი საუბარს. კარგიო, ბატონ ზაზას შევუთანხმდებიო.

ახლა კი ისევ მირეკავს და მეუბნება, რომ ბატონმა ზაზამ მითხრაო, მამაო სახლში დატოვოსო (არადა ეს მღვდელი ქალია) და თვითონ მოვიდესო. ამის შემდეგ დავიწყე ახსნა, თუ რატომ უნდა მახლდეს თან მღვდელი და რომ მათ არ აქვთ უფლება, შეუთანხმებლად დაკითხვებზე დაგვიბარონ. საუბარი უტაქტოდ და არაერთხელ შემაწყვეტინა, რაზეც მივუთითე, რომ მსგავსი რამ უზრდელური საქციელია. შენ მე ვინ გგონივარო, ამხელა კაცი ვარო, შენი დედა მოვ**ანო და გამითიშა - ასეთი პასუხი გამცა.

შეგახსენებთ, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქართული ოცნების მთავრობის მიერ შეიქმნა და მისი მიზანია, რელიგიურ ორგანიზაციებსა და მთავრობას უშუამდგომლოს, ასევე, რელიგიურ ორგანიზაციებს სხვადასხვა სამართლებრივ პროცესებში დაეხმაროს, თუმცა , 5 კათოლიკური ეკლესია ისევ საპატრიარქოსგანაა მიტაცებული, სომხური ეკლესიები ისევ ნანგრევებადაა ქცეული და კანონიერ მფლობელს არ უბრუნდება, ხოლო ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლება ისევ არ გაცემულა". - წერს ლიპარტიანი. 

 

კომენტარები