გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი

სასამართლო, კორუფცია, პირადი ცხოვრება – შეშფოთებები გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოზე რიგით მეხუთე პერიოდულ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც კრიტიკული შენიშვნებია. 

სახალხო დამცველი

ადამიანის უფლებათა კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები საჯარო და კერძო პირების მიერ არ სრულდება. კომიტეტი სახელმწიფოს მოუწოდებს, გაატარონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. 

კორუფცია

ადამიანის უფლებათა კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ 2015 წელს ანტიკორუფციის საბჭოს შექმნის მიუხედავად, არის ცნობები კორუფციისა და მოსყიდვის დაუსჯელ შემთხვევებზე. ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ შეშფოთების მიზეზია ის, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის ისეთი შემთხვევების, რომლებშიც მაღალჩინოსნები არიან ჩართული. ამ პრობლემის მიზეზად ადამიანის უფლებათა კომიტეტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობას ასახელებს.

სექსუალური უმცირესობები, სიძულვილის ენა და სიძულვილის დანაშაულები

სხვასთან ერთად, ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. ხაზგასმულია 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები. ამას გარდა, კომიტეტი შეშფოთებულია "ცნობებით პოლიტიკოსების, სხვა საჯარო ოფიციალური პირებისა და რელიგიური ფიგურების ჰომოფობიური და ტრანსფობიური დაუსჯელი რიტორიკით. კომიტეტი სახელმწიფოს სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღკვეთისკენ, ასევე ყველა ასეთი დარღვევის გამოძიებისკენ, დამნაშავეების დასჯისა და დაზარალებულების რეპარაციისკენ მოუწოდებს.

ამ პუნქტს მოჰყვება შეშფოთება სიძულვილის ენასა და სიძულვილის დანაშაულებთან დაკავშირებით. კომიტეტი შეშფოთებულია უმცირესობების ჯგუფების, მათ შორის ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და მიგრანტების წინააღმდეგ სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულების ჩადენის ცნობებით.

ძალადობა ქალთა მიმართ

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას ქალთა მიმართ ძალადობაზეც. მათ აშფოთებთ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე, განსაკუთრებით სექსუალურ ძალადობებზე მსხვერპლის მხრიდან საჩივრებისგან თავის შეკავება, მსგავს შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდადების დაბალი მაჩვენებელი, მსხვერპლების არასაკმარისი დაცვა და ფსიქოლოგიურ მომსახურებაში დახმარების ნაკლებობა.

სიცოცხლის უფლება და წამების, სასტიკი, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა

ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება სიცოცხლის უფლებისა და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვის დარღვევებზე. ნახსენებია, რომ შემაშფოთებელია უფლებამოსილების გადამეტების, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებები. ხაზგასმულია სამართალდამცველთა და მთავრობის მიერ გამოძიების პროცესის არაეფექტიანი წარმოება იმ ოპერაციის დროს, როდესაც სამართალდამცველებმა თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. 

ადმინისტრაციული დანაშაულის კოდექსი

ადამიანის უფლებათა კომიტეტს ასევე აშფოთებს ადმინისტრაციული დანაშაულის კოდექსის ხარვეზები, რადგან სამხილების სტანდარტზე არის სიცხადის ნაკლებობა, დაკავებულის მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების არარსებობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს ხშირად არ აქვთ სამართლებრივი გარანტიები, მათ შორის არ შეუძლიათ მოსამართლის წინაშე დროულად წარდგენა, რაც არასათანადოდ მოპყრობის რისკებს ზრდის, როგორც დაკავების, ისე პატიმრობის დროს.

დევნილები

ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ადამიანის უფლებათა კომიტეტში ღრმად შეშფოთებული არიან, რომ დევნილთა 52% განსახლებას ელის, მაშინ როცა ბევრი მათგანი მუნიციპალურ შენობებში, სკოლებსა და ბანაკებში ცხოვრობს, რაც ხანგრძლივი საცხოვრებლისთვის შეუსაბამოა და ხშირად არ აქვთ წყალი, ელექტროენერგია ან კანალიზაციის სისტემა.

დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, აშფოთებთ მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის გაუმჭვირვალობა, უმაღლეს სასამართლოში უფლებამოსილების კონცენტრაცია, მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის უფლებამოსილების ჩათვლით.

შეშფოთების საგანი ხდება ისიც, რომ უმაღლესი სასამართლო არის ორგანო, რომელიც ნიშნავს და ათავისუფლებს დამოუკიდებელ ინსპექტორს, რამაც შეიძლება ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას ძირი გამოუთხაროს.

ანგარიშში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისა და სასამართლო პროცესების ბრალდებებზე, რაც კომიტეტისთვის ასევე შეშფოთების მიზეზი ხდება. მსგავს საქმეებს შორის ნახსენებია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმე, ნახსენებია დავითგარეჯის საქმეც, ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და სამართლიან სასამართლოზე უარის თქმის ბრალდება.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

კომიტეტი კონფიდენციალურობის უფლებასთან დაკავშირებით შეშფოთებულია იმ ბრალდებებზე, რომ ოპერატიული ტექნიკური სააგენტო, რომელიც ელექტრონულ დაზვერვას აწარმოებს, არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დამოუკიდებელი. გამოთქმულია შეშფოთება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებისა და ხანგრძლივობის გაფართოების შესაძლებლობაზე, რაც პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად მაინც არსებობს, რამაც შესაძლოა სერიოზულად დაარღვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

შესაბამის რჩევებში კომიტეტი ამბობს, რომ სახელმწიფომ სრულად უნდა გამოიძიოს ამ უფლების დარღვევის ისეთი შემთხვევები, როგორიცაა 2021 წლის სექტემბერში სასულიერო პირებზე, პოლიტიკოსებზე, უცხოელ დიპლომატებზე, ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე ფაილების გაჟონვა.

გამოხატვის თავისუფლება

კომიტეტის ანგარიში ეხება გამოხატვის თავისუფლების შეშფოთებებსაც, რაც მოიცავს: მედიის პოლარიზაციას, ჟურნალისტებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და მთავრობის კრიტიკოსებზე თავდასხმებს, დაშინებებს, მუქარებსა და შევიწროებებს, ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში პოლიტიკურ გავლენებს.

კომიტეტი მთავრობას 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის საქმის ეფექტიანი, დამოუკიდებელი და დაუყოვნებელი გამოძიებისკენ, დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებს.

მშვიდობიანი შეკრების უფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევებთან დაკავშირებით. ხაზგასმულია 2019 წლის ივნისისა და ნოემბრის დარბევები, 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები. ნათქვამია ისიც, რომ მთავრობამ ვერ შეძლო 5-6 ივლისს უმცირესობების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების ადეკვატური დაცვით უზრუნველყოფა, მოძალადეთა, მათ შორის ორგანიზატორთა დროული დასჯა.

კომენტარები