ტრაგედია გუდაურში

ღარიბაშვილი: გუდაურთან დაღუპულების ოჯახები სახელმწიფოსგან 100 000 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუდაურთან დაღუპულების ოჯახები სახელმწიფოსგან 100 000 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ღირსეული შვილები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წლებია ჩვენ ერთად ვმგზავრობდით. მე მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელს საზოგადოებას. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას გული დაგვწყვიტა ამან და მინდა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვხატო. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. თითოეულ ოჯახს სამინისტრო გამოუყოფს 100 000 ლარს. ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო, ექიმებისთვის გამოჰყოფს 100 000 ლარს".- ამბობს ღარიბაშვილი. 

29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა - ინსტრუქტორი დაშავდა, მასთან ერთად მყოფი ტურისტი კი მოგვიანებით დაიღუპა. მათ გადასარჩენად წასული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი - ეკიპაჟის ოთხი წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ასევე, შსს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, "საინტერესოა, პარაპლანზე ლიცენზია როგორ გაიცემა", მისივე სიტყვებით, საკითხს შეისწავლია, მანამდე კი პარაპლანით ფრენები შეჩერდება. 

გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. შსს-ს ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.

კომენტარები