დუგინის შვილის აფეთქება

"ის რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა" – ალექსანდრ დუგინი ქალიშვილის პანაშვიდზე

Maxim Shemetov/Reuters

კრემლის პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა თავისი ქალიშვილის, დარია დუგინას პანაშვიდზე თქვა, რომ ის რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა.

"ის დაიღუპა ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი რუსეთის გამარჯვებისთვის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მართლმადიდებლობისთვის. ბავშვობიდან მისი პირველი სიტყვები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასწავლეთ, იყო რუსეთი – ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, ჩვენი იმპერია". – თქვა დუგინმა.

ალექსანდრ დუგინმა თქვა, რომ ის გრძნობს, რამდენად ბედნიერი იქნებოდა მისი ქალიშვილი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მამაცობის ორდენი მიანიჭა.

"მას არაფრის ეშინია და როცა ტრადიციის ფესტივალზე ვსაუბრობდით, ბოლოს მითხრა – მამა, მე თავს მეომრად, გმირად ვგრძნობ. მინდა ასეთი ვიყო, სხვა ბედი არ მსურს. მინდა ვიყო ჩემს ხალხთან, ჩემს ქვეყანასთან". – თქვა ალექსანდრ დუგინმა.

20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

21 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ილია პონომარიოვმა თქვა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსულმა პარტიზანულმა ჯგუფმა, ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ (НРА) აიღო. მსგავსი ჯგუფის შესახებ აქამდე არანაირი საჯარო ინფორმაცია არ იძებნება. ყოფილმა დეპუტატმა გამოაქვეყნა ჯგუფის მანიფესტიც.

22 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) გამოაცხადა, რომ დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს და მათი მტკიცებით, მანქანის აფეთქება დაგეგმილი იყო უკრაინული სპეცსამსახურების მიერ, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი იყო, რომელიც რუსეთში თითქოსდა 23 ივლისს ჩავიდა და სახლს დუგინას კორპუსში ქირაობდა.

დარია დუგინას მანქანის აფეთქებას უკრაინას აბრალებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, დენის პუშილინიც. იგივე ბრალდება გააჟღერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამაც. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო დარია დუგინას მანქანის აფეთქებასთან.

დარია დუგინა 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დუგინა მამამისის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ევრაზიულ მოძრაობაში მუშაობდა.

კომენტარები