სახელმწიფო ქონების მითვისება

საგამოძიებო: აჭარაში ორი სასწავლო დაწესებულების ბუღალტერმა 41 543 ლარი მიითვისა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, აჭარის რეგიონში მდებარე 2 სასწავლო დაწესებულების ბუღალტერი უკანონოდ 41 543 ლარს დაეუფლა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც აჭარის რეგიონში მდებარე ორ სასწავლო დაწესებულებაში ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობდა, სახელფასო უწყისების მანიპულირებით, ხელოვნურად იზრდიდა მისაღები ხელფასის ოდენობას, რა გზითაც, იგი 2019-2021 წლებში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 41 543 ლარს". - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარები