ფონ დერ ლეიენი: EU წევრ ქვეყნებს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას შესთავაზებს

Jean-Francois Badias/AP

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას შესთავაზებს. ამის შესახებ ფონ დერ ლეიენმა პრეკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვარს რუსულ გაზზე. ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის დაფინანსებისთვის იყენებს". - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა წარადგინა წინადადებები ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასის შესამცირებლად, რაც ფასზე ზედა ზღვრის დაწესებასთან ერთად, ევროკავშირში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებასაც მოიცავს. ამასთან, შემცირდება ელექტროენერგიის იმ მწარმოებლების შემოსავალი, რომლებიც ბუნებრივ აირზე არ მუშაობენ, მათი მოგების ნაწილი კი საშინაო მეურნეობისა და კომპანიების მხარდასაჭერად გადანაწილდება.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ფასის ზედა ზღვრის დაწესების შემთხვევაში, რუსეთი ევროკავშირ გაზისა და ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ფონ დერ ლეიენის მიერ აღწერილ შეთავაზებებს, პარასკევს სპეციალურ შეხვედრაზე განიხილავენ.

როგორც Reuters აღნიშნავს, ევროპაში ელექტროენერგიისა და საწვავის ფასების გაზრდა, რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვამ გამოიწვია. მოსკოვი ამის მიზეზად ტექნიკურ პრობლემებსა და დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ასახელებს.

კომენტარები