რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე უკრაინის მოწოდებას" პროვოკაციას უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი კიევის საქართველოსადმი მოწოდებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების შესახებ, პროვოკაციად მიიჩნევს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. 

"როგორც პროვოკაცია".- ასე უპასუხა ზახაროვამ ბრიფინგზე შეკითხვას, თუ როგორ აფასებს რუსული მხარე უკრაინელი დეპუტატის ზარებს საქართველოში ე.წ. "მეორე ფრონტზე".

14 სექტემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისი განცხადება რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნაზე შესაძლო პლებისციტის შესახებ, არის სარკაზმი ცოტა ირონიით, რადგან ქვეყნის მოსახლეობა ცალსახად ომის წინააღმდეგია.

ამასთან, ის ასევე ამტკიცებს, რომ კიევი საქართველოს ხელისუფლებისგან პირდაპირ მოითხოვს ასეთი ფრონტის გახსნას. 

14 სექტემბერს კობახიძემ ასევე თქვა, რომ "როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს". მისი შეფასებით, ცხინვალსა და აფხაზეთში საქართველო ომში შედის არამხოლოდ რუსეთის საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან.

"ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ძმათა მკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ... ჩვენ არ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. 

როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ფასეულობა კი, ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ამას უნდა გავუფრთხილდეთ და აქედან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ არავითარი ომი, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები