დროა

ხოშტარია: 11 სექტემბერს ირანულმა თვითმფრინავმა კიდევ გაიარა საქართველო, მოსკოვში ჩაფრინდა

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, 11 სექტემბერს ირანის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილმა სატვირთო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე გაიარა და მოსკოვში ჩაფრინდა. ხოშტარია ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა მსოფლიო ირანის მიერ რუსეთის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებაზე საუბრობს, ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, თუ "რატომ ვუთმობთ ჩვენს საჰაერო სივრცეს სამხედრო აეროდრომიდან ასულ თვითმფრინავებს".

"11 სექტემბერს დაფიქსირდა კიდევ ერთი სატვირთო თვითმფრინავი, ირანიდან, სამხედრო დანიშნულების აეროდრომიდან წამოსული, რომელმაც კვლავ, კიდევ ერთხელ გაიარა საქართველოს ტერიტორია, კახეთს გადაუფრინა და ჩაფრინდა მოსკოვში. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო წერს ირანის მხრიდან რუსეთის სამხედრო მომარაგების შესახებ.

წინა შემთხვევასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მოიტყუა, რომ ეს ავიაკომპანია არ არის სანქცირებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია. მათ არაფერი არ თქვეს ტვირთთან დაკავშირებით და არაფერი არ თქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თვითმფრინავი აფრინდა სამხედრო აეროდრომიდან". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

დროას ლიდერმა ირანიდან აფრენილ თვითმფრინავზე, რომელმაც საქართველოს გავლით რუსეთში სამხედრო ტვირთი ჩაიტანა, 8 სექტემბერსაც ისაუბრა. იმავე დღეს ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც ინფორმაციას დაუზუსტებელი და ცრუ ცნობებზე დაყრდნობილი უწოდა.

სამინისტრო აცხადებდა, რომ 4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანია Iran Air Cargo-მ ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი-მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში ხომალდმა სულ 10 წუთი დაყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს ავიაკომპანია არ არის სანქცირებული და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.

კომენტარები