რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ნაწილობრივი მობილიზაციით პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის

Alexandr Demyanchuk/Sputnik/Kremlin Pool/AP

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, ფაქტობრივად, იმის აღიარებაა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის მსურველი მოხალისეების მარაგი ამოწურა.

ანგარიშის მიხედვით, ნაწილობრივი მობილიზაციისა და პირადი შემადგენლობისთვის 300 ათასი ადამიანის შეკრების პროცესში რუსეთი ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ პრობლემებს აწყდება, მობილიზაციის შედეგად შექმნილი ქვდანაყოფები კი რამდენიმე თვის განმავლობაში ბრძოლისუნარიანი ვერ გახდება.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობაში საკმაოდ არაპოპულარული იქნება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პუტინი საჭირო საბრძოლო ძალის მოპოვების იმედით მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

"თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ - ეს ბლეფი არ არის, რუსეთს თავდასხმაზე საპასუხოდ, დიდი რაოდენობით იარაღი აქვს". - თქვა პუტინმა. 

ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა. 

"მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს". - ამბობს პუტინი მიმართვაში. 

კომენტარები