საცობები თბილისში

ინჯია საცობებზე: წყვილ დღეებში წყვილციფრიანი ნომრებით მანქანებმა იარონ, ან რაღაცა

ქალაქში სიარული შეუძლებელი გახდა. არ ვიცი ახლა, თბილისის საკრებულო ფიქრობს ამაზე, თუ ვინ ფიქრობს, მაგრამ შეუძლებელია, რა. რაღაც უნდა მოვიფიქროთ და გავაკეთოთ. წყვილ დღეებში წყვილციფრიანი ნომრებით მანქანებმა იარონ, ან რაღაცა. ვინც დილის ან საღამოს საათებში მანქანით დადის, გადაადგილება შეუძლებელი გახდა და ამის ირგვლივ არაფერი კეთდება. მარტო შუქნიშნებს ვაყენებთ და შუქნიშნების ბუმია. თუ სადმე რაღაც ისეთი გადასასვლელია, ყველგან შუქნიშანია და თან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს. მეგონა, ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ, შვება იქნებოდა, თუმცა, ეს ასე არ არის. თუ რამე ზედმეტს ვლაპარაკობ, მითხარით. ეს მარტო ჩვენი კი არა, მთლიანად ქვეყნის საფიქრალია. საცობები ეკოლოგიაზე, ადამიანების ნერვებზე და ყველაფერზე მოქმედებს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამაზე ყურადღება გავამახვილოთ და რაღაც ჯგუფი შეიქმნას, რომელიც ოპტიმიზაციას გააკეთებს, სადაც ის ხალხი ჩაერთვება, რომელმაც ტრანსპორტის მოძრაობის საკითხები, ქალაქის დაგეგმარება და ეკოლოგია იცის. ჩემო კარგებო, მე ამას მამა-შვილურად გთხოვთ. თუ რაღაც არ მოვიფიქრეთ, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

თქვა პარტია ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები