თსუ

პროკურატურა: დავაკავეთ თსუ-ს ბუღალტერი, რომელმაც 165 000 ლარი მიითვისა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და "მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი" სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით 165 000 ლარის მითვისებისა და 105 000 ლარის ოდენობის კრედიტის უკანონოდ აღების გამო დააკავა.

პროკურატურა განმარტავს, რომ თსუ-ს ყოფილმა ბუღალტერმა უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული ადამიანების ანგარიშებზე 165 000 ლარი გადარიცხა.

"პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და  უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე  გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით  - 165 000 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა თიბისი ბანკი შეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 000 ლარის კრედიტი". - წერს პროკურატურა.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები