რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრაისი: არ ვაპირებთ უკრაინის, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნაცვლად მოლაპარაკებების წარმოებას

ნედ პრაისი
Photo by Patrick Semansky / POOL / AFP

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, აშშ არ აპირებს უკრაინისგან დამოუკიდებლად რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებას.

"ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას და მოლაპარაკებების წარმოებას". – თქვა პრაისმა.

პრაისმა ასევე დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგის და დიპლომატიის შესაძლებლობა გაჩნდება მიმდინარე ომის დასასრულებლად, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს უპირველეს ყოვლისა უკრაინასა და რუსეთს შორის.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარს წინ უძღვოდა 11 ოქტომბერს რუსეთის განცხადება, რომ მათ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების წარმოებაზე აშშ-სგან შემოთავაზება არ მიუღიათ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ტყუილია, რომ აშშ-ს სახელმწიფო წარმომადგენლებს მთელი გულით სურთ რუსეთთან მოლაპარაკებების საშუალებით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება.

4 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე ოფიციალურად უარს ამბობს. 

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას №679/2022 ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ.

"უკრაინის პასუხი რუსეთის ფედერაციის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ანექსირების მცდელობას. ევროატლანტიკური სივრცის, უკრაინის უსაფრთხოებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით".- აღნიშნულია განკარგულებაში. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოების შეუძლებლობაა".

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებები ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. 


3 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მოახდინა უკრაინის 4 ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთების ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია. აქამდე, 30 სექტემბერს "შეთანხმებებს" ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა.

23-27 სექტემბერს მოსკოვმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩაატარა რუსეთთან შეერთების ფსევდორეფერენდუმები, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა".

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს კი პრეტენზიები ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

ჯერჯერობით, კრემლში ვერ ხსნიან, თუ რა ფარგლებში მოხდება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია.

"მოსკოვი განაგრძობს კონსულტაციებს რეგიონების მოსახლეობასთან". – თქვა 3 ოქტომბერს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ოკუპირებული ტერიოტორიების ანექსიის ფარგლებთან დაკავშირებით.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები