ბალტიისპირეთი-რუსეთი

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ ევროკავშირს მოუწოდეს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაეხმაროს უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში, რათა რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი აგოს. ევროკავშირის სამი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

მინისტრების ინფორმაციით, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ვერ გადარჩება, თუ გენოციდი, ომის დანაშაული, აგრესია და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ დაუსჯელი დარჩება.

მინისტრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინისა და სხვა მრავალი სახელმწიფოს, ისევე როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ჩატარებული გამოძიებების მხარდაჭერა, "რადგან ისინი მთავარ როლს ასრულებენ მტკიცებულებების შეგროვებაში, უკრაინაში ჩადენილი გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებასა და დასჯაში".

”სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს ICC-ის როლს. მიუხედავად იმისა, რომ ICC გამოიძიებს ომის, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, სპეციალური ტრიბუნალის მთავარი პასუხისმგებლობა იქნება უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემა". - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა.

კომენტარები