აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტი რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს. მიზეზად რუსეთის მთავრობის მიერ ეკონომიკაში მზარდი ჩარევით გამოწვეული ფასებისა და ხარჯების შეუსაბამო ცვლილებები სახელდება.
გადაწყვეტილების შედეგად, აშშ-ს შეეძლება, რომ რუსული იმპორტული საქონლის მიმართ სრულად აამოქმედოს ანტი-დამპინგის კანონი. დამპინგი არის პროცესი, როდესაც ექსპორტიორს სხვა ქვეყანაში საქონელი ადგილობრივ ფასზე იაფად შეაქვს, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ბაზარს. შესაბამისად, ანტი-დამპინგური კანონით იზღუდება ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქტზე ნორმად დადგენილ ფასზე ნაკლების დაწესება.
"ფაქტების ბალანსირებული შეფასებისა და აშშ-ს კანონმდებლობის საფუძველზე, ამ გადაწყვეტილებით უზრუნველყოფილი იქნება, რომ სავაჭრო დეპარტამენტის დამპინგის გამოთვლებმა ასახოს არსებული ეკონომიკური რეალობა და აშშ-ს ინდუსტრიებმა შეღავათი მიიღონ უსამართლო იმპორტისგან, რისი უფლებაც მათ კანონით აქვთ. გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი აღიარება, რომ რუსეთის ეკონომიკაში მთავრობის ჩარევა იზრდება, რაც აშშ-ს ინდუსტრიებს გლობალურ კონკურენციაში არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს". – წერია აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-მ რუსეთი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად 2002 წელს აღიარა. ამ აღიარების საფუძველზე, რუსეთმა 2012 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანება შეძლო.