2022 წლის მსოფლიო ბანკის კვლევა საქართველოს განათლების კრიზისის შესახებ

2022 წლის მსოფლიო ბანკის კვლევა საქართველოს განათლების კრიზისის შესახებ

საქართველოს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები ხშირადაა განხილვის საგანი, თუმცა  მსოფლიო ბანკის 2022 წლის კვლევა (Georgia Human Capital Review 2022)   კიდევ უფრო ცხადად გვიჩვენებს პრობლემების სიმწვავეს. ამ კვლევის მიზანია მკითხველისთვის საქართველოს მაჩვენებლების გაცნობა, სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა, განვლილი პროგრესის განხილვა და საქართველოს მაჩვენებლების შედარება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან. კვლევის ერთ-ერთი თავი განათლებას ეხება, რომელშიც განხილულია როგორც განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, ისე ამ ხარვეზების მიერ გამოწვეული პრობლემები დასაქმების ბაზარზე.

როგორც შედეგებიდან ჩანს, ათი წლის მოზარდების წილი, რომლებსაც დაწყებით საფეხურის დასრულების შემდგომ ტექსტის წაკითხვა და გაგება არ შეუძლიათ, 14%-ია. საქართველოს მაჩვენებელი რეგიონის საშუალო შედეგზე (11%) უარესია. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პროცესი საშუალოდ 12,9 წელი გრძელდება, ხარისხის გათვალისწინებით, მოსწავლეები საშუალოდ 8,3 წლიან განათლებას იღებენ. ამასთან, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოში დაბადებული ბავშვის პროდუქტიულობა 57%-ია იმ პოტენციალისა, რაც მას სრულყოფილი განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში ექნებოდა. გამოდის, რომ სისტემა ზოგადი განათლებისთვის გამოყოფილ დროს შესაბამისად ვერ იყენებს და სწავლის პროცესი არაპროდუქტიულად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეების საშუალო ხარისხზე აისახება.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი განიხილავს მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) შედეგებს, რომლის მიხედვითაც, წაკითხულის გააზრებაში საქართველო რეგიონში ბოლოდან მეორე ადგილზეა. ტესტი 15 წლის მოსწავლეებთან ჩატარდა და დაადგინა, რომ მოსწავლეთა 65%-ს მარტივი ტექსტის გაანალიზებისა და გაგების უნარი არ შესწევს. მათემატიკაში მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებლით (398) საქართველო PISA 2018-ში მონაწილე 79 ქვეყნიდან იმ 46 ქვეყანას შორისაა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მათემატიკაში OECD-ის წევრი 37 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (489 ქულა). საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მაჩვენებლის (383 ქულა) მიხედვით საქართველო ასევე მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის საშუალო შედეგს (489 ქულა). 

ასევე, ვხვდებით ქულებს შორის არაპროპორციულ გადანაწილებას, რაც განათლების ხელმისაწვდომობითა და ხარისხითაა განპირობებული. ეს კი, თავის მხრივ, როგორც ქალაქებსა და რეგიონებში, ისე საჯარო და კერძო სკოლებში არსებული განსხვავებული შესაძლებლობებით აიხსნება. PISA-ს შედეგები აჩვენებს, რომ სოფელში მცხოვრები მოსწავლეების მიერ მიღებული საშუალო ქულა (370) ბევრად დაბალია ქალაქში მცხოვრები მოსწავლეების საშუალო ქულაზე (431).  ხელმისწავდომობის პრობლემა ერთდროულადაა დაკავშირებული როგორც კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტთან, ისე სისტემის გაუმართავობასთან - ორივე პრობლემის გადაჭრის გარეშე დისბალანსის გამოსწორება შეუძლებელი იქნება.

ამასვე ამტკიცებს 2011-2012 წლებში ჩატარებული კვლევაც გეოგრაფიული უთანასწორობის შესახებ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისას. კვლევამ დაადგინა, რომ არსებობს კორელაცია სტუდენტის გეოგრაფიულ წარმოშობასა და იმ სასწავლებლის პრესტიჟულობას შორის, სადაც ის გამოცდების შემდეგ ხვდება. როგორც აღმოჩნდა, სოფლებში მცხოვრები სტუდენტები თითქმის 8-ჯერ მეტი ალბათობით ხვდებოდნენ არაპრესტიჟულ უნივერსიტეტებში. 

ნიშნავს თუ არა სახელმწიფოს მეტი დანახარჯი უკეთეს განათლების სისტემას?

მთავრობის დანახარჯები განათლებაზე არსებითად გაზრდილია. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ განათლებაში ჩადებული ფული  2006 წლიდან 2019 წლამდე GDP-ს 2,8%-იდან 3,6%-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო განათლების სექტორში მოსაზღვრე ქვეყნებთან შედარებით მეტს ხარჯავს, ეს მაჩვენებელი კვლავ ბევრად ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. 

კვლევებიდან ირკვევა, რომ ბევრი აზიისა და ევროპის ქვეყანა განათლებაზე ბევრად მეტს ხარჯავს, ვიდრე საქართველო. დანია ორჯერ მეტსაც კი. მნიშვნელოვანია განათლების სექტორში უფრო დიდი ინვესტიციების ჩადება, რათა თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნილებებთან, თუმცა აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა შედეგების მომტანი იქნება ხარჯის ზრდა და რა მიმართულებით წავა ეს ფინანსები.

გრაფიკზე მოცემულია PISA-ს შედეგების შედარება ქვეყნის მიერ განათლებაზე დახარჯულ თანხასთან. როგორც ირკვევა, იმ ქვეყნებში, რომლებიც ერთ მოსწავლეზე 6-იდან 14 წლის ასაკამდე 20 000 აშშ დოლარამდე ხარჯავენ, PISA-ს შედეგებსა და ერთ მოსწავლეზე დახარჯულ თანხებს შორის კავშირი ძლიერია, მაგრამ კორელაცია ქრება იმ ქვეყნებში, რომლებშიც 20 000 აშშ დოლარზე მეტს ხარჯავენ. მაგალითისთვის, პოლონეთი და ესტონეთი ერთ მოსწავლეზე სამჯერ ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ნორვეგია, მაგრამ მათ შედეგებს შორის განსხვავება თითქმის არ არის. გამოდის, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა რესურსი მიდის სექტორში, არამედ - როგორ ნაწილდება ეს რესურსი. 

ამავე ანალიზით ნაჩვენებია, რომ  ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს PISA-ს ტესტებში ქვეყნის წარმატება, არის ინვესტირება მასწავლებლებში. ავტორები ასკვნიან, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მასწავლებლებში ინვესტირებას უფრო მაღალ პრიორიტეტად სახავენ, თვალსაჩინო წარმატებებს აღწევენ ამ საერთაშორისო შეფასებაში (ეთგო, 2012).

სისტემის მთავარი გამოწვევა - მასწავლებლები

ზემოხსენებული ანალიზი გვიბიძგებს საკითხი დავსვათ საქართველოში განათლების სისტემაში არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე - მასწავლებლების დაბალ კვალიფიციურობაზე. 

როგორც მსოფლიო ბანკის კვლევაში წერია, მიუხედავად სისტემის სპეციფიკისა, ზოგადი განათლების ეფექტიანობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი: პირველი - მოსწავლეების მზადყოფნა სასწავლო პროცესის დასაწყისისთვის, მეორე - მასწავლებლები და ბოლოს - დირექტორები. ცხადია, განვითარების ადრეული წლები და პირველადი ინტერაქცია სამყაროსთან უზრუნველყოფს მოსწავლის მომზადების ხარისხს, თუმცა, უშუალოდ განათლების სისტემის ეფექტიანობის შესაფასებლად სწავლების ხარისხი არის საუკეთესო ინდიკატორი. კვლევის მიხედვით, ეფექტური საგანმანათლებლო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მასწავლებლების პროფესიონალურ შერჩევას, შეფასებასა და ტრენინგს. სკოლის დირექტორებს კი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მენეჯერული უნარები სასწავლო პროცესზე დასაკვირვებლად და პედაგოგიკური საქმიანობის რაციონალურად შესაფასებლად. 

2022 წელს მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდაზე 10846 მასწავლებელი გავიდა, აქედან ბარიერი მხოლოდ 2640  მათგანმა გადალახა, გამოდის, რომ 76% -მა დაწესებული მინიმალური კომპეტენციაც ვერ დააკმაყოფილა. შედარებისთვის, 2021 წლის მონაცემებით, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება გამოცდაზე გასული პრაქტიკოსი მასწავლებლების 54%-მა, ხოლო უნარების გამოცდაზე მონაწილეების 57.2%-მა ვერ შეძლო. გამოდის, წლიდან წლამდე შედეგები უარესდება და კვალიფირებული მასწავლებლების წილი მცირდება. 

არსებულ ბაზარზე კვალიფიცირებული მოხელეების არარსებობის პრობლემას ემატება ბაზრის ხელოვნური ბარიერი, რომელსაც მასწავლებლად გახდომის მსურველები აწყდებიან. გარდა იმისა, რომ მათ საგნის გამოცდა უნდა ჩააბარონ, აუცილებელია მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში. მხოლოდ ამ პროგრამის გავლის შემდეგ აქვს პირს მასწავლებლობის უფლება. სინამდვილეში, ეს ბარიერი მხოლოდ ახალგაზრდა მსურველებზე ახდენს გავლენას და ბაზრის კონკურენტუნარიანობას ვერ უზრუნველყოფს. 

ამრიგად, საქართველოში არსებულ განათლების სისტემას ქვეყნის მთავარ პრობლემამდე მივყავართ. განათლების ხარისხის დაბალი დონე პირდაპირაა დაკავშირებული დასაქმების შესაძლებლობასთან და ქვეყნის უნართან, გაზარდოს სამუშაო ძალის პროდუქტიულობა.  მსოფლიო ბანკის კვლევაში ნახსენებია, რომ საქართველოში მიღებული ზოგადი განათლებით დაგროვებული ფუნქციური ცოდნა არასაკმარისია და გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე ჩართულთა კონკურენტუნარიანობაზე, რაც, თავის მხრივ, აისახება მათ შემოსავლებსა და პროდუქტიულობაზე თავიანთი კარიერის განმავლობაში. შრომის ბაზარზე არსებული შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის ასევე პრობლემად რჩება: 4-იდან 1 ახალგაზრდა (15-24 წლის) დაუსაქმებელია, არც სწავლობს და არც რაიმე სახის პრაქტიკულ მომზადებას გადის.

კომენტარები