alde

სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალება, ჩხიკვაძისთვის EU-ში შესვლის აკრძალვა – ALDE-ს რეზოლუცია

ALDE

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძეს ცნობით, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მათ მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო.

გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, რეზოლუცია მკაცრად გმობს:

  • მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს, დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. აღნიშნულ ბრალდებებს არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან და იმეორებს რუსულ რიტორიკას.
  • პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს კრიტიკული მედია საშუალებებისა (ფორმულა, TV პირველი, მთავარი) და მათი მფლობელების წინააღმდეგ; ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რაც ასევე აღნიშნულია, როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მაგალითი, 2022 წლის 8 ნოემბრის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში.

მიღებული რეზოლუციით, ALDE მოუწოდებს, რომ:

  • ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი კომისიის მიერ დადგენილი თორმეტიდან 12-ვე პუნქტის შესრულების შემდგომ.
  • ევროკომისიამ დააჩქაროს საქართველოს შეფასების პროცესი კონკრეტული კრიტერიუმებისა და ვადების დაწესებით.
  • მმართველმა პარტიამ და საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას დეოლიგარქიზაციისკენ და აღმოფხვრას ბიძინა ივანიშვილის გავლენები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სასამართლო სისტემაზე, სამართალდამცავ ორგანოებსა და პარლამენტზე;

ამასთან, რეზოლუციით ალიანსი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, რომ აუკრძალონ ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ ფიზიკური პირებსა და ჯგუფებს:

"რადიკალური ჯგუფის ალტ-ინფოს ლიდერსა და დამფუძნებელს –კონსტანტინე მორგოშიას, რომელიც პასუხისმგებელია მედიის წარმომადგენლებისა და უმცირესობათა ჯგუფების მიმართ განხორციელებული ძალადობის ორგანიზებაზე 2021 წლის 5-6 ივლისს;

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ". – ნათქვამია გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილება და შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია მთავარის მედია-მენეჯერი ნიკა გვარამია, როგორც პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები.

"მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეწყვიტოს შეურაცხმყოფელი, სიტყვიერი თავდასხმები ევროკავშირის ინსტიტუტებზე და ევროპარლამენტის წევრებზე. ასეთი თავდასხმები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს". – ნათქვამია რეზოლუციაში.

ALDE ევროპული პარტიაა, რომელშიც 44 ევროპული ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის და ესტონეთის ლიბერალური და დემოკრატიული პარტიები ერთიანდებიან. ალიანსი ევროპარლამენტში 71 სადეპუტატო მანდატითაა წარმომდგენილი.

2-3 დეკემბერს ALDE-ს საბჭოს შეხვედრა სლოვაკეთში, ბრატისლავაში გაიმართა. შეხვედრაზე მიღებული რეზოლუციების სრული ტექსტები, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის შესახებ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

კომენტარები