პოლიციელის მკვლელობა

"იქცეოდა არაადაკვატურად, აგრესიული გახდა" – საგამოძიებო პოლიციელის მკვლელობაზე

ტაბულა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული "არაადეკვატურად იქცეოდა" და შსს-ს 2 თანამშრომლის მიმართ აგრესიული გახდა, შემდეგ კი ერთერთს ესროლა.

შემთხვევა 8 იანვარს ბრალდებულის, შსს-ს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის, გ.მ.-ს სახლში მოხდა, როდესაც მასთან სტუმრად უწყების სხვა თანამშრომლები - ა.შ. და დ.ლ. იმყოფებოდნენ. 

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის - გ. მ.-ს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ თავად გ.მ. და მისი მეგობრები: შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ა. შ. და დ. ლ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.მ. იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებელად და სტუმრების მიმართ გახდა აგრესიული, რა დროსაც გ. მ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ა. შ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. შ. ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული დაკავებული იქნა ადგილზე გამოძახებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ. ვინაიდან ბრალდებული გ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში იმყოფებოდა, საქმე გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის იარაღი, ვაზნები, მასრები, ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, პირადი ნივთები. ასევე, აიღეს ბიოლოგიური მასალის ნიმუშები.

"ამოღებულ საგნებზე დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა, ხოლო გარდაცვლილის გვამზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოიკითხა შემთხვევის შემსწრე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები;

გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციებზე ჩატარდა დათვალიერება და მიმდინარეობს საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოკამერების შესწავლა; სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ა. შ. -ს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები