რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა შეერთებული შტატების სამარცხვინო მორჩილებაში დაადანაშაულა და ამ სირცხვილის ჩამოსაწმენდად სეპუკუს [ჰარაკირის] ჩატარება "ურჩია".
მედვედევი Telegram-ზე 13 იანვარს კიშიდასა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც ნათქვამია:
"ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული მტრული და ყველანაირად გაუმართლებელი აქტი იქნება".
მედვედევის თქმით, აშშ-იაპონიის ერთობლივი განცხადება რუსეთის მიმართ პარანოიას ასახავს და ამასთან, "ღალატობს ასობით ათასი იაპონელის ხსოვნას, რომლებიც ჰიროშიმასა და ნაგასაკის ბირთვულ ცეცხლში დაიწვნენ".