თურქეთი-შვედეთი

ერდოღანი: შვედეთი NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთი NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ანკარასგან მხარდაჭერას არ უნდა მოელოდეს. თურქეთის პრეზიდენტის კომენტარი გავრცელდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, სტოკჰოლმში საპროტესტო აქციაზე ყურანი დაწვეს. 

"გასაგები უნდა იყოს, რომ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის საელჩოს წინ მსგავსი საზიზღარი სცენა მოაწყო, ჩვენგან კეთილგანწყობას არ უნდა ელოდოს". - თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანმა დაგმო სტოკჰოლმში გამართული აქცია, სადაც შვედეთის ულტრამემარჯვენე პარტია ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების ინიციატივას აპროტესტებდა. მისი თქმით, რასმუს პალუდანიას მიერ ყურანის დაწვა მკრეხელობად უნდა ჩაითვალოს და იგი არ უნდა იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლებით. 

როგორც ირკვევა, ამ აქციის პარალელურად სტოკჰოლმში კიდევ 2 აქცია ჩატარდა. დემონსტრანტები ქურთების მხარდაჭერის სახელით შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მცდელობას აპროტესტებდნენ. ამის საპირისპიროდ პროთურქულმა ჯგუფმა თურქეთის საელჩოსთან ცალკე აქცია გამართა. სამივე მსვლელობა პოლიციის ნებართვით ჩატარდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით თქვა:

"უმკაცრესად ვგმობთ ჩვენს წმინდა წიგნზე შეურაცხმყოფელ თავდასხმას… კატეგორიულად მიუღებელია გამოხატვის თავისუფლებას ამოფარებული ამგვარი ანტიისლამური ქმედების დაშვება, რომელიც მიმართულია მუსლიმების საწინააღმდეგოდ და შეურაცხყოფს ჩვენს წმინდა ღირებულებებს". 

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, ისლამოფობიური პროვოკაციები შემზარავია. 

"შვედეთში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და მოქალაქეებს შეუძლიათ ღიად გამოთქვან აზრი, თუმცა ეს  იმას არ ნიშნავს, რომ შვედეთის მთავრობა, ან პირადად მე ამ აზრს ვეთანხმებით". - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე.


გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა შვედეთსა და ფინეთს შეახსენა, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე, თურქეთი მათი NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიკაციაზე დროში შეზღუდულია. მისივე თქმით, თურქეთის გადაწყვეტილება დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად შეასრულებს შვედეთი თავის პირობას ტერორიზმის საწინააღმდეგო ცვლილებების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

"მართალია, შვედეთი ყველანაირად ცდილობს შეთანხმების პირობების შესრულებას, რომელსაც გასულ წელს, მადრიდში მოეწერა ხელი, მაგრამ კიდევ 6 თვე სჭირდება იმისთვის, რომ ტერორიზმის განმარტებაზე ცვლილებები კანონში ასახოს. თუ მათ NATO-ში გაწევრიანება სურთ, შვედეთის მთავრობამ მკაფიოდ უნდა დაანახოს ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომ შვედეთი აღარ არის მათთვის უსაფრთხო ადგილი… ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ". - თქვა კალინმა პრესკონფერენციაზე. 

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში მალე საარჩევნო პერიოდი დაიწყება, სპიკერის თქმით, შვედეთს 2 თვემდე აქვს იმისათვის, რომ ცვლილებები განახორციელოს.

კომენტარები