საბუთების გაყალბება

ყალბი დიპლომი, სერტიფიკატები, მართვის მოწმობები – საგამოძიებო სამსახურმა 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელსაც თბილისში გააჩნდა ბეჭდვითი და სარეკლამო მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამზადებდა და ასაღებდა ფულადი გზავნილების შესახებ ყალბ ამონაწერებს.

ბრალდებული დააკავეს ერთ-ერთ მოქალაქეზე ყალბი საბანკო ამონაწერის გასაღების ფაქტზე" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების პროცესში აღმოაჩინეს სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით დამზადებული ყალბი დოკუმენტები, მათ შორის ყალბი დიპლომი, სერტიფიკატები, უცხო ქვეყნის მართვის ყალბი მოწმობები და პარკირების საშვები.

"ასევე, ამოვიღეთ ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სახელმწიფო უწყებების, კერძო ორგანიზაციებისა და საბანკო დაწესებულების ყალბი ბეჭდები" - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები