დიდთოვლობა

რიკოთის უღელტეხილი მთელი ღამე იწმინდებოდა, მსუბუქმა მანქანებმა ტერიტორია დატოვეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში “ინტენსიური სამუშაოები” მიმდინარეობდა. უწყების ცნობით, შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან 
გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
სამუშაო პროცესს ადგილზე ამ დრომდე ხელმძღვანელობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში - ზვიად შალამბერიძე.

ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი 
გაწმენდილია, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს.ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა” - აცხადებს შსს.

გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 09:28-ზე აღდგა. მათივე ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე ამ დრომდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

გზაზე შეფერხების გამო, რიკოთზე ავტომობილები და ავტობუსები 23 თებერვლის საღამოდან გაჩერებულები იდგნენ, მათ შორის ქუთაისის აეროპორტში მიმავალი მგზავრები. აეროპორტის განცხადებით, Wizz Air-თან მიაღწიეს შეთანხმებას. გამონაკლისის სახით, ავიაკომპანია ყველა მგზავრს, ვინც გზის ჩაკეტვის მიზეზის გამო დააგვიანებდა რეგისტრაციაზე, გადაუცვლიდა ბილეთს ნებისმიერი მიმართულებით ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ, იმ მიმართულებებით, სადაც გამოიძებნება თავისუფალი ბილეთები.


17 თებერვალს Wizz Air-ის რეისი ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. ორი ავტობუსი, რომლებსაც მგზავრები ქუთაისის მიმართულებით გადაჰყავდა, გზაზე შექმნილი პრობლემების გამო დანიშნულების ადგილას დაგვიანებით ჩავიდა, რის შედეგადაც მგზავრებმა რეგისტრაცია ვეღარ მოასწრეს. 

კომპანია OMNIBUS EXPRESS-ის ცნობით, უამინდობის გამო, ავტობუსი 23:15-ის ნაცვლად, 22:00-ზე გავიდა, თუმცა, გზაზე შექმნილმა შეფერხებამ ტრანსპორტის დაგვიანება გამოიწვია.

"არ ჰქონდა მნიშვნელობა, მგზავრებს თუ კიდევ უფრო ადრე გავიყვანდით, აბსოლუტურად არანაირი სხვაობა არ იქნებოდა... ზესტაფონის მონაკვეთზე ჩაიხერგა გზა და მანქანები შეასკდნენ ერთმანეთს. პარალიზებული და გაუწმენდავი იყო გზა და ამას პლუს, მარილი არ ეყარა… მიუხედავად იმისა, რომ მარილი არ ეყარა, ტრანსპორტი მოძრაობდა. აქ იყო გზის ჩახერგვის პრობლემა. ტრანსპორტს მოუწია ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოძრაობა და 05:38-ზე მივიდა აეროპორტში. რეგისტრაცია დასრულდა ზუსტად 8 წუთით ადრე". - უთხრა OMNIBUS EXPRESS-ის წარმომადგენელმა ტაბულას და წუხილი გამოთქვა, რომ მსგავსი ტიპის მეტეოროლოგიურ ვითარებაში Wizz Air-მა და ქუთაისის აეროპორტმა მგზავრების მდგომარეობა არ გაითვალისწინეს.

მისი ინფორმაციით, თვითმფრინავი დანიშნულზე 1 საათის დაგვიანებით გაფრინდა და აფრენამდე 2 საათით ადრე მგზავრები ადგილზე იმყოფებოდნენ.

ამის შემდეგ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ მგზავრებს მოუწოდელა, "დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდენ აეროპორტში რეგისტრაციაზე". ქუთაისის აეროპორტში ბერლინის რეისზე დაგვიანებულ მგზავრებს ბილეთები თანხის დამატების სანაცვლოდ გადაუცვალეს.

კომენტარები