რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს – ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ჩინეთის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მხოლოდ რუსეთისთვის არის მომგებიანი. ბაიდენი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვის წინააღმდეგია. 

"თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს? არ ვხუმრობ, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. მე გეგმაში ვერაფერი დავინახე ისეთი, რომ რუსეთის გარდა ვინმესთვის ხელსაყრელი იყოს". - ამობობს ჯო ბაიდენი ABC News-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, იდეა, რომ ჩინეთი ომის შედეგებზე მოლაპარაკებებს აპირებს, ირაციონალურია. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საფრთხეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, თუ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, მასაც მოუწევს სანქციების საკუთარ თავზე გამოცდა. 


რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, იზრდება საფრთხე, რომ ჩინეთი გეგმავს, რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომში დაეხმაროს.

"ბოლო თვეებში უკვე ვნახეთ ჩინეთის არალეტალური დახმარება, რომელიც პირდაპირ უწყობდა ხელს რუსეთის ომის მანქანის გაძლიერებას. და კიდევ თუ გავითვალისწინებთ იმ ინფორმაციას, რასაც ახლა ვისმენთ და დამატებით დეტალებს, რაც, ჩემი აზრით, მალე ცნობილი იქნება, ცხადი ხდება, რომ ისინი განიხილავენ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას". - თქვა ბლინკენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიაწვდის ჩინეთი რუსეთს, ბლინკენმა აღნიშნა, "იარაღს, იარაღს, პირველ რიგში".

კომენტარები