რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის სასამართლომ Wikipedia $27 000-ით დააჯარიმა

რუსეთის სასამართლომ Wikimedia Foundation 2 მილიონი რუბლით ($27 000) დააჯარიმა. სასამართლოს ინფორმაციით, ორგანიზაციამ Wikipedia-ს საიტიდან არ წაშალა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ გავრცელებული "დეზინფორმაცია". 

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე რუსეთმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც შეზღუდვებს აწესებს ომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე და ჯარიმებს უწესებს ან ბლოკავს საიტებს, რომლებიც ისეთ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც კრემლის ნარატივში არ ჯდება.

ამასთან ერთად, 28 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანაში დასავლური დაზვერვის წინააღმდეგ კონტრდაზვერვის გაძლიერება.

"ზოგადად, საჭიროა კონტრდაზვერვის მიმართულების გაძლიერება. მათ [დასავლეთის ქვეყნები] დამატებითი პერსონალის, ტექნიკური და სხვა ტიპის რესურსების გამოყენება დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ". – ამბობს პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ინფორმაცია რუსეთის საკონტროლო სისტემების, სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების, თავდაცვის ინდუსტრიის, კრიტიკული ტექნოლოგიებისა და პერსონალური მონაცემების შესახებ "სანდოდ უნდა იყოს დაცული". 

კომენტარები