რუსული კანონი

მუსლიმთა სამმართველო: ევროპულ არჩევანს მხარს ვუჭერდით, ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტების განხილვებს და აცხადებს, რომ ევროპულ არჩევანს ემხრობა.

"მუსლიმთა სამმართველო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ არჩევანს, ევროპული ოჯახის წევრობას და თავისუფალ სამყაროს ნაწილად ყოფნას მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ამ არჩევანის, ღირებულებების ერთგული იქნება.

საქართველოს ევროპული მისწრაფება გამყარებულია კონსტიტუციით. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დღესაც იყო და არის მრავალფეროვანი, რაც ჩვენი ეროვნული და კულტურული სიმდიდრეა. ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლება იქნება დაცული. დაე სულ მალე გვეცხოვროს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო" - ნათქვამია განცხადებაში.

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს. კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავენ.

კომენტარები