რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი

ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის მთავრობის მეთაურმა, დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს. ამის შესახებ შმიგალმა The Hill-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

შმიგალის თქმით, კონტრშეტევის დაწყებასთან დაკავშირებით ძირითადი წნეხი თავად უკრაინელი ხალხისგან მოდის. საერთაშორისო პარტნიორები ამ გადამწყვეტ მომენტს მოთმინებით ელოდებიან.

"შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენი მეგობრებისგან და პარტნიორებისგან ზეწოლას არ ვგრძნობთ. ყველა მათგანი იაზრებს, რომ კონტრშეტევის დაწყებისთვის 100%-ით, ან შეიძლება მეტადაც მომზადებული უნდა იყო". - აღნიშნა დენის შმიგალმა.

კონტრშეტევის შესახებ საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებაზე უკრაინის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მას მტკიცედ სწამს, რომ უკრაინა შეძლებს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას.

"ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ვითხოვთ მეტ სამხედრო აღჭურვილობას, ტანკებს, თვითმფრინავებს, ჯავშანტექნიკასა და საბრძოლო მასალას".

მანამდე, CNN-მა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა

რა წერია აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტებში?

WP-მ დოკუმენტები, რომლებზეც ცნობები აქამდე არ არსებობდა, თებერვალსა და მარტში მოიპოვა, როცა ისინი სოციალურ ქსელ Discord-ზე გავრცელდა. აშშ-ის მაღალჩინოსნების თქმით, ზოგიერთი დოკუმენტი ავთენტურია და ამხელს აშშ-ის ძირითადი მოკავშირეების, მათ შორის სამხრეთ კორეის, ისრაელისა და უკრაინის დაზვერვის მასშტაბებს.

CNN-ის მიხედვით, დოკუმენტებიდან ვიგებთ იმასაც, რომ აშშ-ს საკუთარი წყაროები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფშიც ჰყავს, რომლებსაც ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ შესაძლოა საფრთხე დაემუქროთ. 

დოკუმენტებში საუბარია უკრაინაზეც - უკრაინის მთავარ სისუსტეებზე შეიარაღებაში, საჰაერო თავდაცვაში, ბატალიონების ზომებსა და რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის წინ ძალების მობილიზებაში. 

ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, აშშ ფარულად ინფორმაციას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც აგროვებდა. ზელენსკისთან დაახლოებული წყაროს თქმით, ეს გასაკვირი არ არის, თუმცა უკრაინელი მაღალჩინოსნები გაჟონვით ღრმად იმედგაცრუებული არიან. 

კიდევ ერთი დოკუმენტი დეტალურად აღწერს სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების ორი მაღალჩინოსნის დიალოგს, რომლებიც აშშ-ს მიერ უკრაინაში გასაგზავნი საბრძოლო მასალის მოთხოვნით შეშფოთებული იყვნენ. 

მაღალჩინოსნები შიშობდნენ, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება, რომელსაც შემდეგ აშშ უკრაინაში გაგზავნიდა, დაარღვევდა სამხრეთ კორეის პოლიტიკას, რომელიც ომში მყოფი ქვეყნებისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას კრძალავს. დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წამოაყენა იდეა, რომ პრობლემისთვის გვერდის ასავლელად კორეას შეეძლო იარაღი პოლონეთისთვის მიეყიდა. 

დოკუმენტებმა აღშფოთება გამოიწვია იერუსალიმშიც. დაზვერვის ანგარიშებში, რომელიც, სავარაუდოდ CIA-ის მიერაა მომზადებული, წერია, რომ ისრაელის მთავარი სადაზვერვო, მოსადი ქვეყნის ახალი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტებს ახალისებდა, "მათ შორის, იყო აშკარა მოწოდებები მოქმედებისკენ". 

კომენტარები