სანქცირებული მოსამართლეები

საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა მესამედაც ვერ შედგა – ოცნებამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა

საქართველოს პარლამენტი / Facebook

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე რეგისტრაცია კვლავ, უკვე მესამედ არ გაიარა, რის გამოც კენჭისყრა ისევ ვერ შედგა. პარლამეტის სხდომაზე რეგისტრაცია სულ 52-მა დეპუტატმა გიარა, ხოლო კვორუმის მისაღწევად 76 დეპუტატია საჭირო. 

"ჩვენი პოზიცია უცვლელია, შეგახსენებთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს სახელმწიფო სუვერენიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს და სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად ვმოქმედებთ". - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ მათი პრინციპული პოზიციაა, არ შეიქმნას კომისია და, მისივე სიტყვებით, ამით გამოხატავენ  სოლიდარობას ქართული სახელმწიფოს და ქართული სასამართლოს მიმართ. 

დარბაზში მყოფ საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. 

"ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი თითქმის ორი წელია არ მინახავს. ოპოზიციას შეგახსენებთ ერთ რამეს, ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ თქვენ მანდატები არ შეგიწყვიტათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამას ითხოვდით. სწორედ ამით შედგა ეს პარლამენტი და ეს დემოკრატია. სწორედ დემოკრატიის სასარგებლოდ მივიღეთ მაშინ გადაწყვეტილება, ამიტომ არის თქვენი ამომრჩეველი დღეს ამ პარლამენტში წარმოდგენილი და ქართული ოცნება არის ამის ერთადერთი მიზეზი". - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები დასანქცირებული მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები უნდა გამოიძიოს.

კომენტარები