აჭარის ტელევიზია

სასამართლომ აჭარის ტელევიზიიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლება უკანონოდ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარიის ტელევიზიის გადაწყვეტილება მათი თანამშრომლისა და გადაცემა ჰეშთეგის წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოდ ცნო.

რეხვიაშვილის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა. მათი ინფორმაციით, "სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევდა მალხაზ რეხვიაშვილის შრომით უფლებებს და მის გამოხატვის თავისუფლებას. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი კი - მის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები, სრულად დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით, არ არსებობდა ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები".

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა, რადგან გადაცემა ჰეშთეგი, რომლის წამყვანიც რეხვიაშვილი იყო, რამდენიმე თვის წინ დაიხურა. თუმცა სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ აჭარის ტელევიზიას მალხაზ რეხვიაშვილისთვის 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

"სასამართლომ ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას შემდეგ ჩავგაბარებს. ამ ეტაპზე, სასამართლომ თქვა, რომ ბათილია ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მაგრამ არ მომცემს განაცდურს და არ აღმადგენს სამსახურში, რისთვისაც კომპენსაციას გადაიხდის აჭარის ტელევიზია 5 ათასი ლარის ოდენობით. თავისთავად, კომპენსაციის ეს თანხა უსამართლოდ დაბალია, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, მე არ გავასაჩივრებ. ჩემი მიზანი, რომ დამემტკიცებინა - ტყუილად გამომიშვეს, მიღწეულია". - წერს მალხაზ რეხვიაშვილი.

მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან 2020 წლის 11 მაისს გათავისუფლეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელიც ამავე მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის გათავისუფლების ფაქტის კრიტიკულ შეფასებებს ეხებოდა. ის ასევე კრიტიკულად იყო განწყობილი ტელევიზიის ახალი მენეჯმენის მიმართ.

კომენტარები