კუბა

კუბის კომუნისტურმა მთავრობამ პირველი მაისის დემონსტრაცია საწვავის დეფიციტის გამო გააუქმა

კუბის კომუნისტურმა მთავრობამ ბენზინისა და დიზელის მწვავე უკმარისობის გამო პირველი მაისის ტრადიციული საზეიმო დემონსტრაცია გააუქმა.

1959 წელს დასრულებული კუბის რევოლუციის შემდეგ, ყოველწლიურად პირველ მაისს კუნძულზე მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. კუბის დედაქალაქ ჰავანაში ყოველ წელს ხელისუფლებას რეგიონებიდან ათასობით ადამიანი რევოლუციის მოედნის შესავსებად ჩამოჰყავს.

წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ღონისძიება ეკონომიკური მიზეზით გაუქმდა, 2020 და 2021 წელს დემონსტრაცია კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა.

ბოლო კვირებში კუბაში საწვავის მწვავე დეფიციტია შექმნილი. მძღოლები მთელი ქვეყნის ბენზინგასამართი სადგურების რიგში საათობით დგანან, სატვირთო მანქანების მძღოლები კი დიზელის რიგში დღეებსაც კი ატარებენ.

ქვეყნის პრეზიდენტის, მიგელ კანელ-დიაზის თქმით, ქვეყანა ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საწვავის მოცულობის მხოლოდ მესამედს იღებს და შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე "არაკეთილსინდისიერი მომწოდებლები" არიან, რომლებიც ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ კუბაზე ნავთობი მოიპოვება, თუმცა, მისი ხარისხი დაბალია, ქვეყნაში კი შესაბამისი ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოები არ არის.

კუბის მთავარი მიმწოდებელი ვენესუელაა, სადაც უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბოლო ათწლეულში კუბისთვის მიწოდებული ნავთობის მოცულობა თითქმის განახევრებულია.

კომენტარები