თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი გამომძიებელ სერგო შუბითიძის ინტერვიუ გახდა. 

"გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა დაბარებული სერგო შუბითიძე, რომლის წარმომადგენელი 1 მაისს დაუკავშირდა თბილისის პროკურატურას და შესაბამისად, მისი გამოკითხვა, დღეს, 2 მაისს შედგება" - აცხადებს პროკურატურა.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების დროს გამომძიებელი სერგო შუბითიძე იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას.

"მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით" - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2020 წლის 29 ივლისს, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო 2020 წლის 17 აგვისტოს, ვინაიდან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს და ითხოვდნენ საქმის გადაცემას პროკურატურისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა თბილისის პროკურატურაში.

კომენტარები