რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: მოსკოვში გამარჯვების პარადმა მხოლოდ ერთი ტანკითა და ავიაციის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა

ტრადიციულად მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს რუსეთი სამხედრო ძალის დემონსტრირებისთვის იყენებს. წინა წლებში 9 მაისს ათობით ტანკს, თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს აჩვენებდნენ. წელს კი, როგორც CNN წერს, მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი - Т-34 უძღვებოდა.

გასული წლის,  2022-ის აღლუმზე Т-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე Т-90 და Т-14. არც ეს მოდელი გამოჩენილა დღევანდელ აღლუმზე. სამაგიეროდ, T-34-ს ახლდა მრავალფუნქციური საბრძოლო მანქანების - Тигр-ების მსვლელობა.

ასევე გამოფენილი იყო Тигр-М და ВПК-Урал ჯავშანტექნიკა, თუმცა მთავარი აქცენტი ქვეყნის უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, С-400 -ზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ სისტემა Yars-ზე იყო. ეს უკანასკნელი რუსეთის ბირთვული ძალების ნაწილს წარმოადგენს. 

შესაბამისად, რუსეთის გამარჯვების დღის აღლუმი უფრო მოკრძალებული სანახაობა იყო, ვიდრე წინა წლებში. ამის მიზეზი შესაძლოა CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყოს, რომლის მიხედვითაც რუსეთი სამუზეუმო ექსპონატებს ომში აგზავნიდა. 

ვიდეო, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთის ტერიტორიაზე მარტშია გადაღებული, აჩვენებს სატვირთო მატარებლებს, რომლებსაც საბჭოთა ტანკები გადააქვთ. 

T-55-ები პირველად საბჭოთა კავშირში 1948 წელს - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე გამოუშვეს. იაფი, საიმედო, მარტივი გამოსაყენებელი და ადვილად შესანახი - რუსეთმა მოდელი ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებში აჯანყებების ჩასახშობად გამოიყენა. აჯანყებების სერია უნგრეთში 1956 წელს დაიწყო, შემდეგ პრაღაში, მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში 1968 წელს გაგრძელდა. 

კრემლის მომხრე ბლოგერების მიერ გაზიარებული ფოტოების მიხედვით, როგორც ჩანს, ტანკები ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინაშია. 

კომენტარები