ქართული ოცნება

კობახიძე PES-ზე: თუ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავსმოხვევა უნდათ, ამას ღიად გავემიჯნებით

სამწუხაროდ, ეს შეგვახსენებს იმას, რომ თანდათანობით მძლავრობს ცალკეულ ევროპულ ოჯახებში ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც კლასიკურ ლიბერალიზმთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო. ეს ძალიან სამწუხაროა. 

თუ ჩვენთვის უნდათ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავსმოხვევა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გავემიჯნებით ძალიან ღიად და მკაფიოდ. ყოველგვარი ქარაგმების გარეშე.

ჩვენ დაახლოებით ათი დღის წინ უკვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ გადავხედავდით გარკვეულ საკითხებს, მათ შორის, თანამშრომლობის მიმართულებით კონკრეტულ ევროპულ ოჯახებთან. ამაზე მოგვიწევს მსჯელობა და მოგვიწევს ამასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების გახმოვანება.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში გამოეხმაურა ევროპელი სოციალისტების გაერთიანების (PES) განცხადებას. PES-მა ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის გამო გააკრიტიკა. პარტიის ვიცეპრეზიდენტის, კატი პირის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის ქმედება მიუღებელია და მას გაერთიანების პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა აქცევს. 

"ჩვენ უკვე გადაწყვიტეთ, გადაიხედოს ქართული ოცნების სტატუსი PES-ში მომავალი არჩევნებისთვის. ეს აშკარად აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის მოქმედების შემდეგ". - აღნიშნავს PES-ის ვიცეპრეზიდენტი.

კომენტარები