საქართველო-რუსეთი

TAV Georgia: ფხალაძემ სამსახურის დატოვებაზე 1-ელ მაისს მოგვმართა, კავშირი არ აქვს სავიზოს მოხსნასთან

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. TAV Georgia აცხადებს, რომ ფხალაძემ სამსახურის დატოვებაზე მათ 1-ელ მაისს მიმართა, შესაბამისად, კომპანიის ცნობით, ამას კავშირი ვერ ექნება რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან. 

"იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებულნი ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის 1-ელ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ  გიორგი ფხალაძეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა, საჰაერო ხომალდების მომსახურებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. შესაბამისად, სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ "რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება". - წერია განცხადებაში. 

ფხალაძემ 10 მაისს Facebook-ზე დაწერა: 

"მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს!!!

დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და 19 მაისიდან აღარ ვიმუშავებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში!" 

კომენტარები