ჩინეთი-ცენტრალური აზია

ქალაქ სიანში ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამიტი მიმდინარეობს

REUTERS/Florence Lo/Pool

ჩინეთის ისტორიულ ქალაქ სიანში მიმდინარე სამიტის ფარგლებში ცენტრალური აზიის ქვეყნების - ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის პირველი პირები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან ქვეყნებს შორის "მტკიცე" მეგობრობის პირობის დასადებად პირისპირ შეხვედრებს მართავენ.

ჩინეთის ცენტრალურ აზიასთან და ევროპასთან დამაკავშირებელ ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქალაქი სიანი სამიტის ფარგლებში სპეციალური რუსულ და ჩინურენოვანი ბანერებითა და ბილბორდებით გააფორმეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორმხრივ შეხვედრებს პარასკევს ექვსი ქვეყნის ლიდერის ჯგუფური შეკრება მოჰყვება, რომლის დროსაც სი ძინფინგი "მნიშვნელოვანი" სიტყვით გამოვა. შეხვედრის ბოლოს "მნიშვნელოვან" დოკუმენტს მოეწერება ხელი.

რუსეთის მიერ საკუთარი დარჩენილი რესურსების უკრაინაში ომის წარმოებისკენ მიმართვის ფონზე, ჩინეთი საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ცდილობს.

სავარაუდოა, რომ შეხვედრები საბოლოო ჯამში გზას გაუხსნის სამიტის ფარგლებში პეკინთან რეგიონული პაქტის გაფორმებას.

სი ძინფინგის მიერ სამიტზე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება დროში ემთხვევა იაპონიაში გასამართ დიდი შვიდეულის სამიტს, რომლის დღის წესრიგში ჩინეთის მიერ "ეკონომიკური იძულების" პოლიტიკის გამოყენებაცაა.

კომენტარები