რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანამ კახოვკის კაშხალი არ აშენდება, ყირიმისთვის წყლის მიწოდება შეუძლებელი იქნება – დანილოვი

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებით რუსებმა ყირიმი წყლის გარეშე დატოვეს

”ის ქმედება, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა, უახლოეს მომავალში შეუძლებელს გახდის ყირიმისთვის წყლის მიწოდებას". - თქვა დანილოვმა.

მისი თქმით, ყირიმისთვის წყლის მიწოდება შეუძლებელი იქნება "მომდევნო სამი, ხუთი, ათი წლის განმავლობაში, სანამ კაშხალი არ აშენდება". 

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

ამასთან დაკავშირებით ომის კვლევის ინსტიტუტი წერდა, რომ რუსეთს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება უკან დახევის გადასაფარად შესაძლოა გამოეყენებინა.

2022 წლის 6 ნოემბერს რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი კახოვკის ჰესი უკრაინული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

დეტალურად რა ვიცით კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ:

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვის. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საჭირო რესურსით უზრუნველყოფისთვისაც.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ორივე მხარე ამტკიცებს, რომ რისკები შემცირებულია და მდგომარეობა სტაბილურია. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც (IAEA) ადასტურებს, რომ ამ წუთისთვის ბირთვული კატასტროფის რეალური საფრთხე არ არსებობს. გაეროს ორგანიზაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ მონიტორინგს და მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდებიან. 

კომენტარები