რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: Patriot-ის მწარმოებელი კომპანია 2024 წლის ბოლომდე უკრაინას კიდევ 5 სისტემას გადასცემს

პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოცდა Artemis Strike 2017-ის წვრთნებზე.
Anthony Sweeney

საჰაერო თავდაცვის სისტემების ამერიკული კომპანია Raytheon Technologies, რომელიც Patriot-ის სისტემების მიმწოდებელია, რაკეტების წარმოებას გაზრდის და უკრაინას 2024 წლის ბოლომდე კიდევ ხუთ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ Wall Street Journal-თან კომპანიის წარმომადგენელმა ისაუბრა

კომპანიის ცნობით, წლიური წარმოების მაჩვენებელი 12 სისტემამდე უნდა გაიზარდოს, ვინაიდან უკრაინაში მათმა ეფექტიანობამ მოლოდინს გადააჭარბა.

Raytheon-ის აღმასრულებელი დირექტორი გრეგ ჰეისი WSJ-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ Patriot-იებმა, კიევის მიერ გამოყენებულ სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, რუსეთის თავდასხმების დაახლოებით 90% მოიგერია.

როგორც ირკვევა, უკრაინელმა სამხედროებმა სისტემების მართვის გაუმჯობესება შეძლეს, რამაც მათ საშუალება მისცა, განკუთვნილ დროზე ორჯერ უფრო სწრაფად გაენადგურებინათ ჰიპერბგერითი რაკეტები. 

უკრაინამ პირველი Patriot-ის სისტემები აპრილში მიიღო. 

WSJ წერს, რომ საჰაერო თავდაცვა, სავარაუდოდ, უკრაინის პრიორიტეტად დარჩება, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს თვეში 67-მდე რაკეტის წარმოება შეუძლია და მოსკოვი მაისში უკრაინაზე ინტენსიურ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებდა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, შექმნან "Patriot-ების კოალიცია", რომელიც, "მიერიშე თვითმფრინავების კოალიციის" მსგავსად, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას გაუწევს კოორდინირებას. 

კომენტარები