საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

როინ მეტრეველი, როგორც ქოცური კონტრრევოლუციის სარკე – ალექსანდრე ლომაია

გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი და საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრი ალექსანდრე (კახა) ლომაია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველის დანიშვნას ეხმაურება:

როინ მეტრეველის "არჩევა" (სინამდვილეში, დანიშვნა) მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად, ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, ჩაიფიქრა, როგორც მორიგი სიმბოლური შურისძიება "ვარდების რევოლუციის" მემკვიდრეობაზე. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, როინ მეტრეველის სახელს უკავშირდებოდა ინსტიტუციური კორუფცია, ჩაწყობა და ნეპოტიზმი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, რასაც "ვარდების რევოლუციის" ხელისუფლება დაუპირისპირდა.

2003 წლამდე კომუნისტების მიერ მეცნიერების გასაკონტროლებლად (და "მოსათვიენიერებლად", აკაკი ბაქრაძის მოხდენილი ტერმინი რომ გამოვიყენოთ), შექმნილი მეცნიერებათა აკადემია, ადმინისტრაციულად მართავდა რამდენიმე ათეულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, და ამ ინსტიტუტების საბიუჯეტო დაფინანსებასაც თავად ანაწილებდა. ანუ, აკადემიის ხელში იყო თავმოყრილი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მართვის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური ბერკეტები.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ყველა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტიტმა იურიდიული დამოუკიდებლობა შეიძინა. ინსტიტუტები დაფუძნდნენ, როგორც ავტონომიური საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც თავად ირჩევდნენ დირექტორებს და სამეცნიერო საბჭოებს, და პირდაპირ ბიუჯეტიდან იღენდნენ საბაზისო სახელმწიფო დაფინანსებას.

სამეცნიერო პროექტების დაფინანსების სისტემა მთლიანად დასავლურ მოდელზე გადავიდა. დაფუძნდა ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ფონდი კონკურენტულ გარემოში აფინანსებდა საუკეთესო კვლევით პროექტებს. ფონდის რეცენზენტებად მოწვეულ იქნა რამდენიმე ათასი წამყვანი მკვლევარი ამერიკიდან, ევროპიდან და აზიიდან. უცხოელი და ქართველი მეცნიერები pro bono საფუძველზე განიხილავდნენ ფონდში შემოსულ პროექტებს, და მათ შორის საუკეთესოებს გამოარჩევდნენ. გატარებული რეფორმიდან რამდენიმე წელიწადში, საერთაშორისო რეცენზირებად გამოცემებში, ქართველ მეცნიერთა ციტირების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა.

ამ სისტემამ, ისევე, როგორც ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, მეტ-ნაკლებად გაუძლო ქოცურ ნგრევას. მეტ-ნაკლებად იმიტომ, რომ ქოცებმა ეს სისტემები გააუარესეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაანგრიეს.

სწორედ მეცნიერების თვითმმართველობის დასავლური სისტემის - "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი მემკვიდრეობის დემონტაჟი უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული ივანიშვილს. და სწორედ როინ მეტრეველი შეირჩა სიმბოლურად ამ სისტემის დასანგრევად, და მის მაგივრად, მეცნიერების მართვის და კონტროლის საბჭოთა სისტემის აღსადგენად.

რომ არა გონებამახვილი ბექა ყორშია, ივანიშვილის მიერ დასახული ამოცანის შესრულება, მე-XVIII საუკუნეში გარდაცვლილი ედმუნდ ბურკის აკადემიაში შემყვან როინ მეტრეველს, ალბათ უფრო გაუადვილდებოდა.


ხელმოცარული პარტოკრატი და წარმატებული კორუპტოკრატი როინ მეტრეველი აკადემიის პრეზიდენტი გახდა.

მსოფლიო ბანკის 2012 წლის კვლევაში - კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სამსახურებში როინ მეტრეველის რექტორობის დროს კორუფციულ საქმიანობაზეა საუბარი. 

"ინსტიტუციონალური რეფორმების არარსებობამ და კორუფციის გავრცელებამ დაანგრია თსუ, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უმსხვილესი ეროვნული უნივერსიტეტი, სადაც 20000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობდა. ქრთამის აღება უნივერსიტეტში ენდემური პრობლემა იყო. ზოგიერთი შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში სწავლისთვის ქრთამის სახით 15 000-დან 30 000-მდე დოლარის გადახდა იყო საჭირო. ეს უკანონო შემოსავლები უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ჯიბეში ჩაიდო. თსუ-ის სტუდენტები  ინსტიტუციური ცვლილებების მთავარ დაბრკოლებად რექტორ როინ მეტრეველს თვლიდნენ. მეტრეველი თანამდებობას 1992 წლიდან იკავებდა. პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულების მხარდაჭერით, მან ცალმხრივად შეცვალა უნივერსიტეტის წესდება, რათა მესამე ვადით კენჭი ეყარა. " - წერია მსოფლიო ბანკის კვლევაში.

კომენტარები