ქართული ოცნება

კობახიძე: კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ბილწსიტყვაობასა და ზიზღის ენას ახალისებენ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინ თბილისში, პარლამენტის წინ ბანერების გამო აქციის მონაწილეების დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "ჯიუტებმა თუ ჭუტებმა" პროვოკაცია მოაწყვეს და ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები ეკავათ. როგორც კობახიძე ამბობს, "კონკრეტულმა დიპლომატმა" აქტივისტების ამ ქმედებას გამოხატვის თავისუფლება უწოდა, რითაც "ზიზღის ენა წაახალისა და ერთგვარი მწვანე შუქი აუნთო სხვებს". 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ დიპლომატებმა საკუთარ ქვეყანაში გაღვივებულ პოლარიზაციას უნდა მიხედონ. 

"თავის დროზე იგივე ჯგუფმა, ე.წ ჯიუტები ქვიათ თუ ჭუტები თუ რაღაცა, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები და მას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება. კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწისტყვაობა და წაახალისა პოლარიზაცია. ეს აღიქვეს,როგორც მწვანე შუქი კონკრეტულმა ადამიანებმა, ამ ე.წ. ჭუტებმა, ჯიუტებმა, ბოდიში და მოაწყეს მორიგი პროვოკაციები ამ დღეების განმავლობაში. პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას, მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება ყოველდღიურად".- ამბობს კობახიძე

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. მანამდე, სამართალდამცველები ცდილობდნენ, აქტივისტებისთვის წაერთმიათ ბანერები, რომლებზეც "ირაყლი" ეწერა. დაკავებულთა შორის იყვნენ იურისტები, ედუარდ მარიკაშვილი და შოთა თუთბერიძე. ადგილზე მყოფების ცნობით, რომ ედუარდ მარიკაშვილს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა.

5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბანერების გამო დაკავებულთან დაკავშირებით კითხვაზე თბილისში აშშ-ს საელჩოს განცხადება გაიმეორა. მან აღნიშნა, რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება დაკავებულთა საქმეებს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება "ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებს".

კომენტარები