ისრაელი

ოპოზიციასთან დიალოგი უსარგებლო იყო, სასამართლო რეფორმაზე მუშაობას ვაგრძელებთ – ნეთანიაჰუ

Yonatan Sindel/Flash90

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის სასამართლო რეფორმაზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს მას შემდეგ, რაც, მისი სიტყვებით, ოპოზიციასთან ერთთვიანი კომპრომისული მოლაპარაკებები უსარგებლო აღმოჩნდა.

"ჩვენ მათ ერთი თვე მივეცით, კიდევ ერთი თვე, შემდეგ კიდევ ერთი თვე - ჯამში, სამი. მათ [ოპოზიციის] წარმომადგენლებთან ყველაზე მარტივ ჭეშმარიტებებზეც ვერ შევთანხმდით. მიზანი მხოლოდ დროის დაკარგვა იყო.

ისრაელის საზოგადოების უდიდეს ნაწილს ესმის, რომ სასამართლო სისტემაში ცვლილებებია საჭირო. ამიტომ, ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირაში და გადავდგამთ აქტიურ ნაბიჯებს იმ მანდატის შესაბამისად, რომელიც ჩვენ ამომრჩევლისგან მივიღეთ". - ამბობს პრემიერმინისტრი.

დასავლური მედიის განმარტებით, იმის გამო, რომ მმართველი კოალიცია პარლამენტში 120-დან 64 ადგილს ფლობს, კანონპროექტის რატიფიცირება, თუკი მას კენჭისყრაზე გაიტანენ, ერთი შეხედვით, საკმაოდ იმედიანად გამოიყურება. თუმცა, ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი ვარაუდობს, რომ ნეთანიაჰუ ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ კანონპროექტს მხარს სრული უმრავლესობა დაუჭერს, ვინაიდან გასულ კვირას ფარული კენჭისყრისას უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის დეპუტატის სასამართლო კომიტეტის წევრად არჩევას მხარი დაუჭირეს.

"თუ ნეთანიაჰუ მართლაც გადადგამს ამ ნაბიჯს, აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში, ის ისრაელის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების  პრემიერმინისტრია". - წერს ლაპიდი.

14 ივნისს ისრაელის სასამართლო კომიტეტის წევრად ოპოზიციონერი კანდიდატის არჩევის შემდეგ მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ცდილობენ გაარკვიონ თავისი რიგებიდან ვინ დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანდიდატურას. ისინი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიას დებენ ბრალს. 

პარლამენტარებს უნდა აერჩიათ ორი წარმომადგენელი, რომლებიც 9 წევრისგან დაკომპლექტებულ სასამართლო კომიტეტის წევრად დაინიშნებოდნენ. როგორც წესი, ამ დრომდე ერთ-ერთი კანდიდატი მმართველი პარტიიდან, ხოლო მეორე ოპოზიციიდან აირჩეოდა. თუმცა ნეთანიაჰუს  ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა მოითხოვდა, რომ ორივე წევრი სახელისუფლებო პარტიიდან დანიშნულიყო. 

ოპოზიციის კანდიდატს მხარი 58-მა პარლამენტარმა დაუჭირა, რაც ნიშნავს, რომ სულ მცირემ 4 ხმა კოალიციის წევრებისგანაც უნდა მიეღო. 


ისრაელის ახალი მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

მთავრობამ სადავო რეფორმა ქვეყანაში გამართული მასობრივი აქციებისა და გაფიცვების გამო დროებით შეაჩერა, თუმცა პრემიერმინისტრის თქმით, ის გაგრძელდება, რადგან ისრაელში ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი უნდა აღდგეს.

კომენტარები