მასობრივი მკვლელობა

უნგრეთში პოლიციამ ნორვეგიელი მამაკაცი დააკავა, რომელიც მასობრივ მკვლელობებს გეგმავდა

უნგრეთში პოლიციამ 45 წლის ნორვეგიელი მამაკაცი დააკავა, რომელიც მასობრივი მკვლელობების დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი.

როგორც Reuters წერს, დაკავებული მამაკაცი აცხადებდა, რომ მას 2011 წელს ნორვეგიელი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტის, ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებულ თავდასხმების მასშტაბებზე გაცილებით დიდი ტერაქტების მოწყობა სურდა.

უნგრეთის პოლიციის განცხადებით, დაკავებული მამაკაცი სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერებს ტვირთავდა, სადაც სხვადასხვა ენაზე მასობრივი მკვლელობების გეგმებზე და კონკრეტულ ლოკაციებზე საუბრობდა.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ანტიტერორისტული ძალების მიერ დაკავებულ მამაკაცი, ნორვეგიაში სხვადასხვა ბრალდებებით იყო ნასამართლევი.

ანდერს ბრეივიკი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა. 8 ადამიანის სიცოცხლე ოსლოში მის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას ემსხვერპლა. 69 ადამიანი, უმეტესად მოზარდები, ბრეივიკმა ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის დროს მოკლა. მას ნორვეგიაში არსებული მაქსიმალური სასჯელი, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ვადის გაზრდის შესაძლებლობით.

კომენტარები