წყალქვეშა ნავი

რა ვიცით ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის შესახებ?

წყალქვეშა ნავი, რომელსაც მართავს OceanGate Expeditions-ი და ნიუფაუნდლენდის სანაპიროზე ჩაძირული ტიტანიკის ნამსხვრევების შესასწავლად ექსპედიციის მიზნით იყენებს
OceanGate Expeditions/Handout via

ატლანტის ოკეანეში ფართომასშტაბიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ღონისძიებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელსაც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად გადაჰყავდა, 18 ივნისს გაუჩინარდა.

კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ი ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე – კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 

სამძებრო ორგანოების წარმომადგენელთა ვარაუდით, ნავზე 30 საათზე ნაკლები სამყოფი ჟანგბადია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორტზე მყოფთ ჟანგბადის მარაგი ხუთშაბათს დაახლოებით 10:00 საათზე ამოეწურებათ. 

ტურისტული ფირმა OceanGate-ის განცხადებით, ეკიპაჟის უსაფრთხოდ დასაბრუნებლად ყველა ვარიანტს განიხილავენ. სამძებრო სამუშაოებში სამთავრობო უწყებებიც არიან ჩართულნი. 

ტიტანიკის ნამსხვრევები - დანახული OceanGate-ის წყალქვეშა ნავის ილუმინატორის დახმარებით

სამძებრო სამუშაოებს აფერხებს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა სანაპიროსგან დიდი დისტანცია, ამინდის გაუარესებული პირობები, წყალქვეშა ნავის მდგომარეობა და ოკეანის სიღრმე იმ მხარეში, სადაც წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა.

რა ვიცით ბოლოდროინდელი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შესახებ?

აშშ-ს სანაპირო დაცვის ვარაუდით, გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი სენტ ჯონსიდან, ნიუფაუნდლენდიდან აღმოსავლეთით 1 450 კმ-ის, ხოლო სამხრეთიდან დაახლოებით 643 კმ-ის დაშორებით უნდა იყოს. 

გრაფიკა: Renée Rigdon, CNN

აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, სამძებრო ღონისძიებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი მხრივ, მიმდინარეობს ე.წ. ზედაპირული ძებნა, იმ შემთხვევაში თუ ნავი ოკეანის ზედაპირზე აღმოჩნდება, მეორე მხრივ, სამძებრო სამუშაოები წყლის სიღრმეში ექოლოკაციით მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კანადურმა ხომალდმა წყალქვეშა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა, გაუგებარია თუ საიდან მოდიოდა ხმები, ან რამდენ ხანს გრძელდებოდა

ოთხშაბათს, 21 ივნისის დილით გაკეთებული განცხადების თანახმად, "საძიებო ზონაში წყალქვეშა ხმები" კანადურმა P-3-ის ტიპის სამძებრო თვითმფრინავმა აღმოაჩინა. 

ამის შემდეგ სამძებრო სამუშაოები ხმაურის წარმოშობის ადგილის მოსაძებნად დაიწყეს, თუმცა, ამ ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყოლია. 

აშშ-ს სანაპირო დაცვის კაპიტნის, ჯეიმი ფრედერიკის თქმით, 20 ივნისს აშშ-ს და კანადის სანაპირო ძალებმა კერძო გემებთან ერთად სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 7 600 კვადრატული მილის ფართობზე (დაახლოებით კონექტიკუტის შტატის ზომა) უშედეგოდ ჩაატარეს

კაპიტნის თქმითვე, სამძებრო სამუშაოები საკმაოდ რთული და კომპლექსურია.

საზღვაო მეცნიერმა და ექსპედიციის ლიდერმა, დევიდ მერნსმა განმარტა, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ერთ-ერთი კომერციული გემიც, რომელსაც სავარაუდოდ გაუჩინარებული ნავის მოსაძებნად წყლის სიღრმეში 3 800 მეტრზე ჩასვლა შეუძლია.

"უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ მას აქვს შესაძლებლობა წყალქვეშა ნავის მოსაძებნად 3 800 მეტრის სიღრმეზე ჩავიდეს. არსებობს იმედი, რომ ეს შეიძლება მოხდეს". – თქვა მერნსმა BBC-სთან საუბრისას. 

მაიკ მალროიმ, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, BBC-ს უთხრა, რომ აშშ-ს საზღვაო ძალების სპეციალიზებული დისტანციური წყალქვეშა ნავები, სავარაუდოდ, ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია დაკარგული წყალქვეშა ნავის ხომალდთან მიბმა და მისი ზედაპირზე ამოყვანა.

ვინ იმყოფება ბორტზე?

 წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანიდან ჯერჯერობით 4 ადამიანის ვინაობის შესახებ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია. კერძოდ, ბორტზე იმყოფება 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე. 

წყალქვეშა ნავის ზომების გათვალისწინებით, ბორტზე მყოფ მხოლოდ ერთ მგზავრს შეუძლია შიდა სივრცის თავისუფლად დაკავება

ჰამიშ ჰარდინგმა თვის დასაწყისში საჯაროდ უსაუბრა იმის შესახებ, რომ აპირებდა ეკიპაჟის წევრებს შეერთებოდა. მისივე თქმით, ბორტზე იქნებოდა "რამდენიმე ლეგენდარული მკვლევარი, რომელთაგან ზოგიერთს 1980-იანი წლების შემდეგ ტიტანიკიდან 30-ზე მეტჯერ აქვთ ჩაყვინთული".

მეხუთე ადამიანი დაუდასტურებელი წყაროს ინფორმაციით, უნდა იყოს OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი სტოკტონ რაში.

რა შეიძლება მომხდარიყო?

წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა OceanGate Expeditions-ის მიერ ორგანიზებულ 8-დღიან ექსპედიციაზე, რომლის ფარგლებში ბორტზე მყოფ ადამიანებს ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრ სიღრმეზე მყოფი ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინათ. ექსპედიციაში მონაწილეობა თითოეულ ადამიანისთვის $250 000 ღირს.

წყალქვეშა ნავების ექსპერტმა პროფესორმა, ალისტერ გრეიგმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან  რამდენიმე შესაძლო სცენარის შეიმუშავა, თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა დაკარგულ წყალქვეშა ნავს.

ერთი სცენარის მიხედვით, რაიმე გადაუდებელი შემთხვევის, მათ შორის, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ნავს ზედაპირზე ამოსვლა მოუწია, რის გამოც ეკიპაჟის წევრებმა ნავი ზედმეტი ტვირთისგან გაათავისუფლეს.

გრეიგის ვარაუდით, კიდევ ერთი შესაძლო სცენარი ისაა, რომ დაზიანდა ხომალდის კორპუსი, რამაც გაჟონვა გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში, მისივე თქმით, "პროგნოზი კარგი არ არის".

მიუხედავად იმისა, რომ წყალქვეშა ნავი შეიძლება ჯერ კიდევ დაუზიანებელი იყოს, თუ ის 200 მეტრზე მეტ სიღრმეზეა ჩასული, მის მოძებნა გაჭირდება, რამდენადაც ძალიან მცირე რაოდენობის ხომალდს შეუძლია ამ სიღრმეზე ჩასვლა. 

რა ვიცით წყალქვეშა ნავის შესახებ?

Titan-ის წყალქვეშა ნავზე, ზოგადად, 96 საათის სამყოფი ჟანგბადია და განკუთვნილია 5 ადამიანის გადასაყვანად. ამასთან, მას წყალში 4 000 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა შეუძლია.

კომპანიის თქმით, Titan აღჭურვილია უახლესი განათების და სონარის სანავიგაციო სისტემებით, ასევე შიდა და გარე დამონტაჟებული 4K ვიდეო და ფოტოგრაფიული აღჭურვილობით. 

ბორტზე მყოფმა ჰამიშ ჰარდინგმა წყალქვეშა ნავის სურათი სოციალურ მედიაში 17 ივნისს გამოქვეყნა

BBC-ის ამერიკულმა პარტნიორმა CBS-მა გასულ წელს გაგზავნა ერთ-ერთი რეპორტიორი OceanGate-ის კომპანიასთან, რათა იმავე ექსპედიციის ფარგლებში ტიტანიკის ნამსხვრევები დაეთვალიერებინა

რეპორტიორის დევიდ პოგის თქმით, ბორტზე ასვლისას მან წაიკითხა ცნობა, სადაც წყალქვეშა ნავი ექსპერიმენტულ ხომალდად იყო დახასიათებული. მისივე თქმით, ნავი არ ყოფილა შემოწმებული რომელიმე მარეგულირებელი ორგანის მიერ.

შემდეგ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მას წყალქვეშა ნავი დაათვალიერებინა და გაუმხილა, რომ ნავს მხოლოდ ერთი ღილაკი აქვს და ის ვიდეო თამაშის პულტით იმართება.

კომენტარები