პრიგოჟინის ამბოხება

ჩინეთმა პუტინის ხელმძღვანელობას მხარი დაუჭირა და რუსეთს ეროვნული სტაბილურობა უსურვა

ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში, 2023.
Pavel Byrkin/Sputnik/AFP

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის სამხედრო არეულობაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც პეკინი რუსეთს ეროვნული სტაბილურობის დაცვასა და შენარჩუნებაში მხარდაჭერას უცხადებს. ეს პეკინის პირველი ოფიციალური განცხადებაა მას შემდეგ, რაც 23 ივნისს რუსეთში არეულობა დაიწყო.

"ის, რაც ახლა ხდება, რუსეთის საშინაო საქმეების ნაწილია. ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს ეროვნული სტაბილურობის დაცვასა და განვითარებაში". - წერია განცხადებაში.

პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო პეკინში იმყოფება, სადაც იგი საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრს მა ჟაოსუს შეხვდა.

"პრეზიდენტ სი ძინფინგი და ვლადიმირ პუტინის სტრატეგიული ხელმძღვანელობით, ჩინეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური ნდობა გაღრმავდა". - ამბობს ჩინელი მაღალჩინოსანი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუდენკოს მოგზაურობა მარტში ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაფართოებას ისახავს.

"ჩინეთმა 24 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ხელმძღვანელობას მხარი დაუჭირა და რუსეთის გაძლიერებისა და განვითარების სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატა". - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო დარტყმა დაანონსა. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს. 

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია". გასულ ორ დღეში ვაგნერის ძალებმა კონტროლი აიღეს დონის როსტოვზე, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

სიტუაციის დეესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც, იგი ბელარუსში გაემგზავრება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდება. დღეს, 25 ივნისს ვაგნერმა ჯარების რუსეთის სამხრეთ ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებიდან გაყვანა დაიწყო.

კომენტარები