ქართული ოცნება

წილოსანი: წითელი ხაზების გადაკვეთა არავინ აღარ გაბედოს

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძესა და პარტია ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელზე, დავით ოსიყმიშვილზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა. წილოსანის თქმით, ის ისურვებდა, რომ არ ჟურნალისტებმა და არც პოლიტიკოსებმა "წითელი ხაზები" არ გადაკვეთონ.

"პირადად მეც და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ მოღალატისა და რუსეთუმეს ძახილი წითელი ხაზია. ამის შემდეგ, ნებისმიერი პირი, ვინც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, ჩვენგან შესაბამის სიტყვიერ პასუხს მიიღებს [...] ამ კომენტარს არასოდეს გავატარებთ და ყოველთვის საკადრისი პასუხი ექნება [...] წითელი ხაზების გადაკვეთა არავინ აღარ გაბედოს [...] ვისურვებ, რომ არც პოლიტიკოსებმა და არც ჟურნალისტებმა თავიანთი მხრიდან წითელი ხაზები არ გადაკვეთონ. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველანაირ წითელ ხაზებს ყოველთვის ვაკონტროლებთ". - ამბობს წილოსანი ჟურნალისტებთან საუბარში.

მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ - უცნობმა პირმა მას სახეში ჩაარტყა. როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდამსხმელმა უთხრა - "შენ პატრიარქს როგორ აგინებ". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს სახლთან ნიღბიანი პირები დახვდნენ და სცემეს. 

 

კომენტარები