ცხოველების წამება

ცხოველის წამებისთვის სასჯელი გამკაცრდა – პარლამენტმა კანონი III მოსმენით მიიღო

პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა. კანონით მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო. კერძოდ, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 საათამდე, შინაპატიმრობის ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა კი, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით - ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ერთიდან სამ წლამდე.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯებოდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.


მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მიუსაფარი ცხოველების მიკვლისა და წამების ამსახველი კადრები გავრცელდა, მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართეს - "დაიცავი სხვისი მიკედლებული, სანამ იგივე პრობლემა შეგეხება შენ და შენს მიკედლებულს". აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ ყველა, ვინც მიუსაფარ ცხოველებს სასტიკად ეპყრობა, სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.  

ამის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შეიმუშავეს. 

კომენტარები