გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

"გაოგნებული ვარ" – სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2 500 000 ლარის გირაო შეუფარდა

სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს  ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისების საქმეზე 2 500 000 ლარის გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. 

"მეც გაოგნებული ვარ. ქვეყანაში ჩამოვედი სამი კვირის წინ, დატოვება რომ მდომებოდა, არ ჩამოვიდოდი". – ამბობს ბაჩიაშვილი.

მოსამართლის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

აღნიშნულ საქმეზე მედიასთან კომენტარი გააკეთა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.

"ადამიანს ედავებიან, რომ მან მიითვისა თანხა 2015 წელს, 8 წლის წინ. რეალურად, საქმეში წარმოდგენილია საბანკო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც, უტყუარად, წერილობით დადასტურებულია, რომ ბაჩიაშვილის კომპანიამ მიიღო სესხი 5 მილიონი, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაიხადა, როგორც ეს სესხად აღებული 5 მილიონი, ასევე პროცენტი ასობით ათასი ლარი. ეს არის მტკიცებულებები, თუმცა, დაცვის მხარეს დღეს გვიწევს იმის მტკიცება, რომ რეალურად მას პარტნიორი აღარ ჰყოლია". – ამბობს ბაჩიაშვილის ადვოკატი.

გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

კომენტარები